გუშინ, 23 ივნისს, გლობალურ საფონდო ბაზრებზე ტექნოლოგიური კომპანიების აქციების მასშტაბურმა გაყიდვებმა მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვია. ინვესტორების ყურადღების ცენტრში ჩიპებისა და მეხსიერების ბარათების მწარმოებელი კომპანიები აღმოჩნდა. ანალიტიკოსები მიზეზად Micron Technology-ის ფინანსური ანგარიშისა და საპროცენტო განაკვეთების ზრდის მოლოდინს ასახელებენ.

Nvidia-ს აქციების ფასი სავაჭრო სესიის დაწყების წინ 2.8%-ით დაეცა. მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა სხვა ტექნოლოგიური გიგანტების შემთხვევაშიც: Intel-ის აქციების ფასი 7.3%-ით დაეცა, AMD-ის – 7.2%-ით, Broadcom-ის – 3.9%-ით, Tesla-ს – 2.7%-ით, ხოლო Alphabet-ის – 1.9%-ით.

უარყოფითი ტენდენცია ევროპულ ბაზრებსაც გადაედო. პანევროპული Stoxx 600 და გერმანიის DAX ინდექსები დაახლოებით 1%-ით შემცირდა. ნახევარგამტარების გერმანული მწარმოებლის, Infineon-ის აქციების ფასის 5.5%-იანმა ვარდნამ ფრანკფურტის ბირჟაზე დამატებითი ზეწოლა შექმნა.

განსაკუთრებით მძიმე დღე აღმოჩნდა სამხრეთ კორეისთვის. ქვეყნის მთავარი საფონდო ინდექსი Kospi 10%-ით დაეცა, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაციით ქვეყნის ორი უმსხვილესი კომპანია – Samsung Electronics-ი და SK Hynix-ი – 12%-ზე მეტით გაუფასურდა.

JPMorgan-ის ანალიტიკოსების შეფასებით, გაყიდვების ტალღა შესაძლოა გამოწვეული იყოს Micron-ის ფინანსური შედეგების გამოქვეყნებამდე გაზრდილი შფოთვით. კომპანია, რომელიც ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო მეხსიერების ჩიპების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, ხშირად AI-ისექტორში მოთხოვნის ინდიკატორად მიიჩნევა. მისი აქციები სავაჭრო სესიის დაწყებამდე 9%-ზე მეტით დაეცა.

Wedbush Securities-ის ანალიტიკოსმა დენ აივსმა აღნიშნა, რომ ინვესტორებში „მეხსიერების ჩიპების სექტორის მიმართ დამატებითი ნერვიულობა“ შეინიშნება. მისი თქმით, ტექნოლოგიური სექტორი ამჟამად „რეალობის შემოწმების მომენტს“ გადის, თუმცა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მიმდინარე ზრდა ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა.

ბაზრებზე დამატებითი ზეწოლა მონეტარული პოლიტიკის ცვლილების მოლოდინმაც მოახდინა. CME Group-ის FedWatch Tool-ის მონაცემებით, ტრეიდერები ახლა ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა საპროცენტო განაკვეთები შესაძლოა ჯამში 50 საბაზისო პუნქტით გაზარდოს. ერთი კვირის წინ ბაზრები მხოლოდ 25-პუნქტიან ზრდას ელოდნენ.

გაყიდვების ტალღაში მოყვა SpaceX-იც. ილონ მასკის კოსმოსური კომპანიის აქციები ადრეულ ვაჭრობაში დამატებით 2.6%-ით დაეცა, მას შემდეგ, რაც ორშაბათს 16.4%-იანი ვარდნა დაფიქსირდა. სამდღიანმა კლებამ თითქმის სრულად გაანულა IPO-ს შემდეგ მიღებული მოგება. ანალიტიკოსების შეფასებით, კომპანიის გადაწყვეტილებამ ობლიგაციების ვაჭრობის დაწყებასთან დაკავშირებით გააჩინა კითხვები, ხომ არ ხარჯავენ ტექნოლოგიური კომპანიები ზედმეტად ბევრ რესურსს AI-ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

ინვესტორები სულ უფრო მეტად შიშობენ, რომ მეხსიერების ჩიპების მიწოდება მოთხოვნას გადააჭარბებს. ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ Micron-მა, Samsung-მა და SK Hynix-მა წარმოება მნიშვნელოვნად გაზარდეს, რაც მომავალში ჭარბი მარაგების რისკს აჩენს.

გლობალურ ბაზრებზე უარყოფითი გავლენა მოახდინა ნავთობის ფასების ზრდამაც, რომელიც ირანში მიმდინარე კონფლიქტს უკავშირდება. ენერგორესურსების გაძვირებამ აშშ-ში ინფლაციის ზრდას შეუწყო ხელი, რაც ბოლო სამი წლის მაქსიმუმთან ახლოსაა და ინვესტორებში საპროცენტო განაკვეთების კიდევ უფრო გამკაცრების მოლოდინს აძლიერებს.

წყარო: forbes.ge