აშშ და ევროპა გაერო-ში უკრაინასთან დაკავშირებით განსხვავებულ რეზოლუციებს წარადგენენ, – ინფორმაციას ამის შესახებ „ესოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, აშშ-ის რეზოლუციის პროექტი განსხვავებულია ევროპული მხარის განცხადებისგან, რომელშიც მოთხოვნილია რუსეთის ძალების უკრაინიდან დაუყოვნებლივი გაყვანა.
ორივე რეზოლუცია დაკავშირებულია რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მესამე წლისთავთან, რა დროსაც გაერო-ს გენერალური ასამბლეა არასავალდებულო რეზოლუციებს კენჭს უყრის.
აშშ-ის მოკლე რეზოლუციის პროექტში გამოხატულია მწუხარება „რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ტრაგიკული მსხვერპლის გამო“ და „მოუწოდებს კონფლიქტის სწრაფად დასრულებისა და უკრაინასა და რუსეთს შორის გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისკენ“.
გაერო-ში რუსეთის ელჩმა, ვასილი ნებენზიამ, აშშ-ის რეზოლუციის შესახებ განაცხადა, რომ „ეს კარგი ნაბიჯია“.
მედიის ცნობით, რუსეთმა ასევე შესთავაზა ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს ფრაზის დამატებას , „მათ შორის მისი ძირეული მიზეზების გადაჭრით“.
შედეგად, აშშ-ის რეზოლუციის ბოლო სტრიქონში ნათქვამია: „მოითხოვს კონფლიქტის სწრაფ დასრულებას, მათ შორის მისი ძირეული მიზეზების აღმოფხვრას და შემდგომ მოუწოდებს გრძელვადიან მშვიდობას უკრაინასა და რუსეთს შორის“.
ევროკავშირისა და უკრაინის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტში კი საუბარია „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრაზე“. რეზოლუციაში მოთხოვნილია, რუსეთის ჯარების „დაუყოვნებლივი, სრული და უპირობო გაყვანას უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“.
წყარო: 1tv.ge