უწყვეტი ძილი თანამედროვე ჩვევაა და არა ევოლუციური მუდმივა, რაც შეიძლება დაგვეხმაროს იმის ახსნაში, რატომ ეღვიძება ბევრ ჩვენგანს დღემდე დილის 03:00 საათზე და ვერ ხსნის, რატომ. საგანგაშო არაფერია, ეს უბრალოდ ღრმად ადამიანური გამოცდილებაა.

კაცობრიობის ისტორიის უმეტეს ნაწილში, უწყვეტი რვასაათიანი ძილი ნორმა არ იყო. ამის ნაცვლად, ხალხს ღამით ორჯერ ეძინა — როგორც უწოდებდნენ, „პირველი ძილი“ და „მეორე ძილი“. თითოეული ეს ძილი რამდენიმე საათს გრძელდებოდა და ერთმანეთისგან ყოფდა დაახლოებით ერთსაათიანი სიფხიზლე შუაღამით. ისტორიული ჩანაწერები ევროპიდან, აზიიდან, აფრიკიდან და სხვა რეგიონებიდან აღწერს, როგორ იძინებდნენ ოჯახები შებინდებისთანავე, შემდეგ სადღაც შუაღამით ცოტა ხნით იღვიძებდნენ, შემდეგ კი კვლავ იძინებდნენ გათენებამდე.

ღამის ორ ნაწილად გაყოფამ ალბათ შეცვალა დროის შეგრძნება. ასეთ ინტერვალებს ზამთრის გრძელი ღამეების გადატანა უნდა გაეადვილებინა.

შუაღამის ინტერვალები სულაც არ იყო უმოქმედობის დრო; ამით ადამიანები აღიქვამდნენ ღამის ხანგრძლივობას. ზოგიერთი ცეცხლს ანთებდა ან ცხოველებს დახედავდა. ზოგი საწოლში რჩებოდა და ლოცულობდა, ზოგიც ნანახ სიზმრებზე ფიქრობდა. ინდუსტრიალიზაციამდელ წერილებსა და დღიურებში მოხსენიებულია, რომ ასეთ საათებს ხალხი იყენებდა საკითხავად, საწერად ან ოჯახის წევრებთან და მეზობლებთან სოციალიზაციის მიზნით. მრავალი წყვილი სიფხიზლის ამ საათებს ინტიმური ურთიერთობებისთვის იყენებდა.

ძველი ბერძენი პოეტის, ჰომროსისა და რომაელი პოეტის, ვერგილიუს ნაწერებში მოხსენიებულია „საათი, რომელზეც პირველი ძილი დასრულდა“, რაც მიუთითებს, რამდენად გავრცელებული იყო ორფაზიანი ძილი.

        როგორ დავკარგეთ „მეორე ძილი“

მეორე ძილი გასული ორი საუკუნის განმავლობაში გაქრა სიღრმისეული საზოგადოებრივი ცვლილებების გამო. ერთ-ერთი ასეთია ხელოვნური განათება. 1700-1800-იან წლებში გამოჩნდა ზეთის ლამპები, შემდეგ გაზის განათება, თანდათანობით კი ელექტროგანათება, რამაც ღამე ფხიზლად ყოფნა უფრო ნაყოფიერად გადააქცია. შებინდებისთანავე დაწოლის ნაცვლად, ადამიანები საღამოობით გვიანობამდე ფხიზლობდნენ ლამპის სინათლეზე.

ბიოლოგიურად, ღამით კაშკაშა სინათლე ასევე ცვლის ჩვენს შინაგან საათს (ცირკადული რიტმი) და ამან ჩვენი სხეული ნაკლებად მიდრეკილი გახადა რამდენიმესაათიანი ძილის შემდეგ გაღვიძებისკენ. მნიშვნელობა აქვს განათების დროს. ჩვეულებრივი ოთახის სინათლე დაწოლის წინ, თრგუნავს და აფერხებს მელატონინს, რაც განაპირობებს გვიან დაძინებას.

ინდუსტრიულმა რევოლუციამ გარდაქმნა არა მხოლოდ ხალხის მუშაობის სტილი, არამედ ძილიც. ქარხნების გრაფიკი ძილის ერთ ნაწილს ითვალისწინებდა. მეოცე საუკუნის დასაწყისში, რვასაათიანი უწყვეტი ძილის იდეამ ჩაანაცვლა საუკუნეების განმავლობაში არსებული ორეტაპიანი ძილის რიტმი.

ძილის მრავალკვირიანმა კვლევებმა ლაბორატორიებში, რომლებშიც სიმულირებული იყო ზამთრის გრძელი ღამეები სრულ სიბნელეში, საათის და განათების გარეშე, ხშირად აჩვენა, რომ ადამიანებს ორ ეტაპად ეძინათ — შუაში გაღვიძებით. 2017 წელს, მადაგასკარის აგრარულ საზოგადოებაში ჩაატარეს კვლევა, რომელშიც ელექტროენერგიის გარეშე, ადამიანებს ძირითადად ასევე ორ ეტაპად ეძინათ — იღვიძებდნენ სადღაც შუაღამით.

        გრძელი, ბნელი ღამეები

სინათლე არეგულირებს ჩვენს შინაგან საათს და გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენად სწრაფად ვგრძნობთ დროის გასვლას. როცა ეს სიგნალები ქრება, მაგალითად, ზამთარში ან ხელოვნური განათების ქვეშ, ჩვენ ვიცვლებით.

ზამთარში გვიან გათენება და დილის სუსტი სინათლე ცირკადულ ჰარმონიზაციას ართულებს. ცირკადული რიტმების დარეგულირებისთვის დილის სინათლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან შეიცავს დიდი ოდენობით ცისფერ სინათლეს, რომელიც ყველაზე ეფექტიანი ტალღის სიგრძეა სხეულის მიერ კორტიზოლის წარმოსაქმნელად და მელატონინის დასათრგუნად.

დროის იზოლაციის ლაბორატორიებსა და გამოქვაბულებში ჩატარებულ კვლევებში, ადამიანები კვირების განმავლობაში ცხოვრობდნენ ბუნებრივი სინათლის ან საათის გარეშე, ანდაც მუდმივ სიბნელეში. ამ კვლევების მრავალი მონაწილე ვერ ითვლიდა განვლილ დღეებს, რაც აჩვენებს, რამდენად ადვილად გადის დრო სინათლის ნიშნების გარეშე.

ასეთივე დარღვევები ხდება პოლარულ ზამთრებში, სადაც მზის ამოსვლა-ჩასვლის არარსებობა აჩენს განცდას, თითქოს დრო გაჩერდა. მაღალ განედებზე მცხოვრებნი ან სტაბილური რუტინის მქონეები პოლარული სინათლის ციკლებს ხშირად უკეთესად ეგუებიან, ვიდრე მოკლევადიანი ვიზიტორები, მაგრამ ეს ცვალებადია მოსახლეობისა და კონტექსტის მიხედვით.

        უძილობის მკურნალობის ახალი პერსპექტივა

ძილის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ხანმოკლე გამოღვიძებები ნორმალურია და ხშირად ხდება გადასვლებისას, მათ შორის, სწრაფ ძილთან ახლოს (REM), რაც დაკავშირებულია ფერად სიზმრებთან. მთავარია, როგორ რეაგირებთ ამაზე.

ტვინის მიერ ხანგრძლივობის აღქმა ელასტიკურია: შფოთვა, მოწყენილობა, ან ცოტა სინათლე დროს თითქოს წელავს, ხოლო ჩართულობა და სიმშვიდე მას ამოკლებს. ინტერვალების გარეშე, რომლებშიც რაღაცას აკეთებთ ან პარტნიორს წერთ, 03:00 საათზე გაღვიძებისას დრო თითქოს ნელა გადის. ამ კონტექსტში, ყურადღება დროზეა კონცენტრირებული და გასული წუთები შეიძლება უფრო ხანგრძლივი მოგეჩვენოთ.

კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია უძილობისთვის, ადამიანებს ურჩევს, საწოლიდან ადგნენ გაღვიძებიდან 20 წუთის შემდეგ, აკეთონ რაიმე ჩუმი საქმიანობა მკრთალ სინათლეზე, მაგალითად, კითხვა.

ძილის ექსპერტები ასევე გვირჩევენ საათებზე რამის ჩამოფარებას და საათზე ყურებისგან თავის შეკავებას, როცა არ გვეძინება.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.

წყარო: პირველი არხი