„რუსეთის ბოიკოტირება შავი ან თეთრი არაა: არაერთი დასავლური კომპანია აცხადებს, რომ რუსეთთან კავშირი გაწყვიტა, მაგრამ რეალობაში ახორციელებენ გარკვეულ აქტივობებს ან ვერ ასრულებენ გაცემულ დაპირებებს“ , - ამის შესახებ წერს „მორალური რეიტინგის სააგენტო“ (Moral Rating Agency) - სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები აქტივისტებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც სწავლობს უცხოური კომპანიების განცხადებებსა და ფინანსურ ანგარიშებს მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

ერთ-ერთი კომპანია, რომელიც „მორალური რეიტინგის სააგენტოს“ რეიტინგში „სამარცხვინოდ“ არის მოხსენიებული, ამერიკული Tesla-ა.

„Tesla-მ იმედები გაგვიცრუა. რუსეთში გაყიდვების შეწყვეტა და ალუმინის იმპორტზე უარის თქმა კარგი დასაწყისი იქნებოდა, მაგრამ ნამდვილი გაშვებული შესაძლებლობა უკავშირდება იმას, რომ კომპანიას შეეძლო „გაეთიშა“ რუსეთში მყოფი ავტომობილები თავისი Supercharger-ის სისტემიდან. გასაგებია, რატომ არ სურს ასეთ ბრენდს, დაანახოს მომხმარებლებს, როგორი დამოკიდებულები არიან [Tesla-ზე] მათი ავტომობილები ან როგორი ადვილია მათთან თამაში. თუმცა, როდესაც Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორს რამე აღელვებს, თემატიკის მიუხედავად, ის საკუთარ პოზიციას მტკიცედ გამოხატავს“, - აღნიშნავს MRA.

რეიტინგში ნეგატიური შეფასება აქვს მიღებული Bank of America-საც.

„ეს არის იშვიათი შემთხვევა, როდესაც დემოკრატიული ქვეყნის ბანკი იქცევა უფრო ცუდად, ვიდრე ტოტალიტარული რეჟიმის ბანკი. Bank of America რუსეთში რჩება, იმ ფონზე, როცა ჩინეთთან მჭიდრო კავშირების მქონე HSBC შეეცადა, ნაწილობრივ მაინც წასულიყო რუსეთიდან. ეს არის ყველაზე მკაცრი გაფრთხილება, რომელიც შეიძლება მივცეთ დასავლურ კომპანიას, რომელსაც თავისუფლად შეუძლია სწორად მოქცევა, მაგრამ აკეთებს იმაზე ნაკლებს, ვიდრე არათავისუფალი კომპანია. მეტს ვერაფერს დავამატებთ“, - აღნიშნულია რეიტინგში.

კიდევ ერთი დასავლური კომპანია, რომელმაც რუსეთი დატოვა, მაგრამ მაინც ნეგატიური შეფასება დაიმსახურა, გერმანული Bosch Group-ია.

„Bosch-ს რუსეთიდან წასვლა განზრახული არ ჰქონია. ყველაფერი შეიცვალა, როდესაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსულ სამხედრო მანქანებში Bosch-ის ნაწილები აღმოაჩინეს. ასე იქცა Bosch-ი კომპანიად, რომელმაც არა მხოლოდ არ დატოვა რუსეთი, არამედ სავარაუდოდ სანქციებიც დაარღვია. კომპანიის რეაქცია სამარცხვინო იყო. იმის ნაცვლად, რომ Bosch-ი რუსეთის ტერიტორიიდან სრულად გასულიყო, განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ კომპანია იღებს ვალდებულებას შეწყვიტოს სატვირთო მანქანების კომპონენტების მიწოდება და „მოელის რუსეთში წარმოების შეჩერებას“, - აღნიშნულია MRA-ს რეიტინგში.

რაც შეეხება ფრანგულ L'Oréal-ს, რეიტინგში აღნიშნულია, რომ ეს არის შემთხვევა, როდესაც კომპანია „აკეთებს მხოლოდ საქმის ნახევარს და იმასაც - რაღაც დონემდე“.

„L'Oréal-მა შეაჩერა საცალო ბიზნესი, მაგრამ ეს არ შეეხო გაყიდვებს სხვა ადამიანების მაღაზიებში. გარდა ამისა, ამ გადაწყვეტილებას კომპანიაში „დროებითი“ უწოდეს. ეს ნაბიჯი აგრძელებს რუსული ეკონომიკის გამდიდრებას. ასევე კომპანიაში არ უსაუბრიათ იმაზე, თუ რის წარმოებას შეწყვეტენ, მაგრამ ამის ნაცვლად თქვეს, თუ რომელ ჯერ არ დაწყებულ პროექტებზე ამბობენ უარს. ამის ფონზე, განსაკუთრებით გასაკვირი იყო კომპანიის მკვეთრი განცხადება, რომელშიც მათ რუსეთის ქმედებები დაგმეს. როგორც Unilever-ის შემთხვევაში, ეს ან თვალთმაქცობაა, ან კომპანიის ერთი ნაწილი თვლის, რომ რუსეთი ცუდია, მეორე კი მიიჩნევს, რომ იქ ბიზნესის წარმოება სრულიად მისაღებია“, - აღნიშნავენ რეიტინგის ავტორები.