ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აშშ-ის გარეშე ახალი დემოკრატიული სახელმწიფოების ალიანსის შექმნის მოწოდებით გამოვიდა.

გამოცემა „ველტთან“ საუბარში რასმუსენმა თქვა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს აშშ-მა დასავლეთის საიმედო ლიდერის როლი დაკარგა.

რასმუსენი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას ახალი კავშირი, რომელშიც, ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად, შევლენ დიდი ბრიტანეთი, იაპონია, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია და სამხრეთ კორეა.

მისი თქმით, ალიანსს შეიძლება ეწოდოს D7, G7-ის ანალოგიურად, სადაც „D“ „დემოკრატიას“ ნიშნავს.

როგორც რასმუსენმა განაცხადა, ასეთი კავშირის ფარგლებში ერთმანეთის მიმართ მუქარა დაუშვებელი იქნება. მისი თქმით, ასეთი ქცევა ზიანს აყენებს მსოფლიოს დემოკრატიებს და ემსახურება მხოლოდ ავტოკრატების, მაგალითად, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინტერესებს.

რასმუსენმა ასევე განაცხადა, რომ ნატო დღევანდელი ფორმით აღარ არის საკმარისი, რადგან აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ეჭვები მზარდია.

„რასაც ახლა ვხედავთ, ნატო-ს დაშლაა და ეს საშიშია. პრეზიდენტმა ტრამპმა მე-5 მუხლისა და ევროპის დაცვის მიმართ ერთგულებაზე ეჭვები გააჩინა, ევროპელებს მხოლოდ ერთი დასკვნა რჩებათ: ჩვენ საკუთარ ძალებს უნდა დავეყრდნოთ და თავად შევძლოთ ჩვენი კონტინენტის დაცვა. ევროპას სჭირდება ახალი თავდაცვითი გეგმები და ახალი სამხედრო შესაძლებლობები. ასევე, აუცილებელია იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოების მკვეთრი ზრდა“, – განაცხადა რასმუსენმა.

მისი ინიციატივის მიხედვით, ახალ ალიანსში მონაწილეობა მხოლოდ იმ ქვეყნებს შეეძლებათ, რომლებიც თავდაცვაზე მშპ-ის, სულ მცირე, 5%-ს დახარჯავენ, აიღებენ მე-5 მუხლის მსგავს უსაფრთხოების ვალდებულებებს და არ მისცემენ ცალკეულ სახელმწიფოებს სამხედრო ოპერაციების დაბლოკვის შესაძლებლობას.

ამასთან, რასმუსენის თქმით, ნატო მაინც დარჩება უსაფრთხოების მთავარ საყრდენად.

„მე კვლავ მჯერა, რომ ნატო ჩვენი თავდაცვის ქვაკუთხედად დარჩება, ხოლო უსაფრთხოების გარანტია ამერიკული ბირთვული ქოლგაა, მაგრამ კონვენციური თავდაცვა ევროპელებმა თავად უნდა უზრუნველვყოთ“, – აღნიშნა ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.

ანდერს ფოგ რასმუსენი ასევე გამოდის მოწოდებით, რომ უკრაინა სრულფასოვანი წევრის სტატუსით ინტეგრირდეს ევროპული უსაფრთხოების ახალ სისტემაში.

რასმუსენის განცხადებით, იდეას ჯერ მტკიცე მხარდაჭერა არ აქვს, თუმცა თემის დაძვრა აუცილებელია. მან აღნიშნა, რომ მიესალმება, თუ პროცესს სათავეში ჩაუდგებიან გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი.

რასმუსენმა ასევე თქვა, რომ მისთვის ძალიან მტკივნეულია აშშ-ის გარეშე ევროპული უსაფრთხოების გადახედვა.

„ბავშვობიდან ამერიკას თავისუფალი სამყაროს ბუნებრივ ლიდერად აღვიქვამდი, მაგრამ ახლა უნდა შევცვალოთ სტრატეგიული აზროვნება და შევამციროთ დამოკიდებულება ძლიერ ლიდერებზე – ტრამპზე, პუტინზე და სი ძინპინზე. ძალიან დიდხანს ევროპა ეყრდნობოდა იაფ რუსულ ენერგიას, იაფ ჩინურ საქონელს და იაფ ამერიკულ უსაფრთხოებას. ეს მოდელი აღარ მუშაობს“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

წყარო: 1tv.ge