აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამკაცრების შემდეგ, რუსეთში მცირე წარმოების ნავთობკომპანიები ერთმანეთის მიყოლებით კოტრდებიან,- ამის შესახებ გამოცემა The Moscow Times რუსეთის სახელმწიფოს მიერ გავრცელებულ მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
წყაროს მტკიცებით, ამჟამად რუსული ნავთობის ფასი ბარელზე 40 დოლარი ან ბევრად უფრო ნაკლებია.
არსებული რეალობის ფონზე, რუსული სახელმწიფო ბანკი- VTB ნავთობმწარმოებელი კომპანია First Oil-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს, რომელსაც ამჟამად 78 მილიონი დოლარის ვალდებულება აკისრია.
First Oil-ს იაკოვ გოლდვინი ფლობს, რომელიც პარალელურად Sibur-ის ერთ-ერთი მთავარი აქციონერია. კომპანია რამდენიმე საბადო აქვს ხანტი-მანსის ოლქში, რომელიც რუსეთში მთავარი ნავთობის გამომუშავების რეგიონია.
The Moscow Times წერს, რომ First Oil არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც ჯერ პანდემიის, შემდეგ კი საერთაშორისო სანქციების მიზეზით გაკოტრდა.
2025 წლის ბოლოს, ასევე ოფიციალურად გაკოტრდა ნავთობკომპანია Yangpur, რომელიც „Belarusneft“-ის ინტერესებს წარმოადგენდა რუსეთში და იამალო-ნენეცის ოლქში საქმიანობდა.
მანამდე, Astrakhan Oil Company და NK Gorny, რომლებსაც სამი ლიცენზია ჰქონდათ ნენეცის ავტონომიურ ოლქში, გაკოტრდნენ საგადასახადო ორგანოების სარჩელების შედეგად.
იანვარში კი „Moscow Credit Bank“-მა ერთ-ერთი გაკოტრებული კომპანიის მფლობელებისგან მოითხოვა თითქმის $91 მილიონი.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის პერსპექტივები უარესდება, რადგან ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი მცირდება, განსაკუთრებით ძვირად ღირებული პროექტების შემთხვევაში.
„Rosstat“-ის მონაცემებით, ქვეყნის ნავთობისა და გაზის მწარმოებელი კომპანიების დაახლოებით ნახევარი ამჟამად ზარალზე მუშაობს, ჯამური ზარალი კი იანვრიდან ნოემბრამდე $7.4 მილიარდს შეადგენს.
რუსეთის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, კრედიტორები იძულებულნი გახდნენ, ნავთობისა და გაზის სექტორში $35 მილიარდის სესხები გადაესტრუქტურირებინათ, რაც ამ ინდუსტრიას ეკონომიკაში საკრედიტო გადაგების უდიდეს წვლილად აქცევს.
2025 წლის მდგომარეობით, იანვრიდან ნოემბრამდე 18 200 ორგანიზაციის ზარალი 7.5 ტრილიონი რუბლია (დაახლოებით $78.2 მილიარდი), რაც ისტორიულ რეკორდს წარმოადგენს.