„ამერიკის ხმა“ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„ამერიკის ხმის“ ჟურნალისტებმა და მათმა პროფკავშირებმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი ნიუ-იორკის ფედერალურ საოლქო სასამართლოში შეიტანეს.

ჟურნალისტების განცხადებით, აშშ-ის მიერ დაფინანსებული საინფორმაციო სააგენტოების დახურვა ქვეყნის კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებულ სიტყვის თავისუფლებას არღვევს.

„მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ობიექტური ახალი ამბების კრიტიკულად მნიშვნელოვანი წყარო გაქრა და ვაკუუმს სახელმწიფოების მიერ დაფინანსებული ცენზურა გავლილი საინფორმაციო საშუალებები შეავსებენ“, - აცხადებენ „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტები.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების საფუძველზე აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) „რადიო თავისუფლებას“ გრანტები შეუწყვიტა და „ამერიკის ხმის“ 1300-ზე მეტი თანამშრომელი ანაზღაურებად ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვა. 19 მარტს „რადიო თავისუფლებამ“ USAGM-ს, მის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ვიქტორ მორალესსა და სპეციალურ მრჩეველს კერი ლეიკს სასამართლოში უჩივლა.

წყარო: ipn.ge