,,ტარიფების ომი“- ასე შეიძლება შეფასდეს აშშ-ისა და ჩინეთის თანამედროვე ურთიერთობები. სავაჭრო ომი დონალდ ტრამპმა დაიწყო. კომპანიებმა ჩინეთში წარმოებული პროდუქციის აშშ-ის ბაზარზე შესატანად ე.წ. ტარიფი უნდა გადაიხადონ, რომელიც ტრამპის გადაწყვეტილებით 20% გახდა.
რას ნიშნავს ტარიფი? - ეს საიმპორტო გადასახადია, რომელიც ბიზნესებსა და კომპანიებს აშშ-ში კონკრეტული პროდუქციის შეტანის შემთხვევაში დაეკისრებათ. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ტარიფების გაზრდით ამერიკულ ბაზარზე ჩინეთიდან შეტანილი პროდუქტის ფასი გაძვირდება. მეტიც, მათი შეფასებით, ორ ქვეყანას შორის დაძაბული სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები და საპასუხო ტარიფები, დიდი ალბათობით გავლენას მოახდენს მსოფლიოში პროდუქტის ფასებზე და ის გაიზრდება.
დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფების გაორმაგებას პეკინმა შემხვედრი ტარიფები დაუპირისპირა. ასევე, საჩივრით მიმართა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას. რა გავლენა ექნება ,,ტარიფების ომს'' ორი ქვეყნის ეკონომიკაზე და როგორ შეიძლება განვითარდეს აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობები? საკითხზე ,,კომერსანტი“ პროფესორ ამირან კავაძეს ესაუბრა. ის წლების განმავლობაში მოღვაწეობდა საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში - იკავებდა საგარეო პოლიტიკური უწყების საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუდმივი წარმომადგენლის, ასევე შვეიცარიაში, წმინდა საყდართან, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, ირლანდიაში, შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში ელჩის თანამდებობას. მისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა ძირითადად მოიცავს თანამედროვე საქართველოს საგარეო პოლიტიკის ანალიზს, ტრადაციული და თანამედროვე დიპლომატიას, აგრეთვე ევროინტეგრაციის პროცესების შესწავლას. ამ მიმართულებით მას გამოქვეყნებული აქვს მრავალი წიგნი და სტატია. 2014 წლის იანვრიდან ამირან კავაძე ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას: მუშაობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში აფილირებულ პროფესორად.
- ბატონო ამირან, როგორ შეაფასებდით აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებულ ურთიერთობებს? რა პოზიცია აქვს ჩინეთს ტრამპის მიერ დაწყებულ სავაჭრო ომთან დაკავშირებით?
მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სავაჭრო ომი გამოუცხადა ჩინეთს და ყველა ჩინურ სასაქონლო ნომენკლატურაზე საიმპორტო ტარიფები გააორმაგა - 20%-იან ნიშნულზე აიყვანა, ჩინეთის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ „ბოლომდე იბრძოლებს“ ვაშინგტონის უსამართლო ქმედებების წინააღმდეგ. პეკინმა ტრამპის საიმპორტო ტარიფების გაორმაგებას აშშ-დან იმპორტირებული საქონლის გარკვეულ სახეობებზე 15%-იანი საპასუხო ტარიფების დაწესებით უპასუხა. გარდა ამისა, ჩინეთმა ექსპორტის კონტროლი გააძლიერა ათეულ ამერიკულ კომპანიაზე და საჩივარი შეიტანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში აშშ-ის მიერ მარაქეშის შეთანხმების უხეშად დარღვევის გამო (ვაჭრობაში დისკრიმინაციის მიუღებლობის მუხლით). პეკინმა საჯაროდ განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ იმპორტირებული ჩინეთის ნაწარმის მიმართ შემოღებული მაღალი ტარიფები ეწინააღმდეგება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ძირითად პრინციპებს და ჩინელი ხალხი არასოდეს არ დაემორჩილება ვაშინგტონიდან თავსმოხვეულ „ჰეგემონიასა და ბულინგის“. „ზეწოლა, იძულება და მუქარა არ არის სწორი გზა ჩინეთთან საურთიერთოდ. ჩინეთზე მაქსიმალური ზეწოლის მოხდენა სრულიად მცდარი და კონტრპროდუქტიული გათვლაა“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ლინ ჯიანმა მ.წ. 4 მარტს რეგულარულ პრეს-ბრიფინგზე. შემდგომ მან დასძინა: „თუ აშშ დაჟინებით მოითხოვს სატარიფო, სავაჭრო ან ნებისმიერი სხვა სახის ომის წარმოებას ჩინეთის წინააღმდეგ, პეკინი ამ გამოწვევისთვის მზად არის და ბოლომდე იბრძოლებს“.
- 5 მარტს აშშ-ში ჩინეთის საელჩომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რადაც აღნიშნულია, რომ პეკინი მზად არის ომისთვის, თუ ეს ომი შტატებს სურს. „თუ ომი არის ის, რაც ამერიკას სურს, იქნება ეს სატარიფო, სავაჭრო თუ სხვა სახის ომი, ჩვენ მზად ვართ - ვიბრძოლოთ ბოლომდე!“- ვკითხულობთ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თქვენი აზრით, რა განვითარება შეიძლება პოვოს სავაჭრო ომმა? რა სფეროებზე შეიძლება გავრცელდეს მისი გავლენა?
გასულ ოთხშაბათს გაიხსნა სრულიად ჩინეთის სახალხო დეპუტატთა ყრილობა, რომელზედაც საანგარიშო სიტყვით წარდგა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ლი ციანი. მან ჩამოაყალიბა წლიური პროგრამა და მთავრობის პრიორიტეტები ეროვნული ეკონომიკის სტაბილიზაციის, თანამედროვე ტექნოლოგიების აქტიურად დანერგვისა და ხელოვნური ინტელექტის უფრო ფართო გამოყენების მიმართულებით. ორი წამყვანი გლობალური ძალის პაექრობამ განსაკუთრებული სიმწვავე მიიღო თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის შექმნისა და მასიურად დანერგვის საქმეში. მიმდინარე წლის დასაწყისში ჩინურმა ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე კერძო კომპანია DeepSeek-მა საგონებელში ჩააგდო სილიკონის ველი თავისი უახლესი პროგრამული მოდელით, რაც გაცილებით უფრო იაფი და ეფექტური პროდუქტი აღმოჩნდა, ვიდრე მისი ამერიკული ანალოგები. ამას დაემატა პეკინის გრძელვადიანი გეგმა მწვანე ტექნოლოგიების დანერგვისა და განსაკუთრებით ელექტრომობილების მასიური წარმოების მიმართულებით, რაც უკვე სერიოზულ კონკურენციას უწევს გლობალურად ელონ მასკის ტესლას ნაწარმს. ჩინეთის ლიდერები განაგრძობენ პრიორიტეტულად ინვესტიციების განხორციელებას ინოვაციურ ტექნოლოგიებში, რათა მაღალი ტექნოლოგიების დარგში გახადონ მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკა თვითკმარი და დინამიკურად განვითარებადი. პრეზიდენტი სი ძინპინი და მისი გუნდის წევრები მიიჩნევენ, რომ მიკრო ჩიპებისა და კვანტური კომპიუტერების წარმოება, რობოტიკის განვითარება და ხელოვნური ინტელექტის ფართოდ გამოყენება და დანერგვა გადამწყვეტი იქნება მომავალში ქვეყნის უპირობოდ მსოფლიო ლიდერებში გასასვლელად, ასევე ეკონომიკური ზრდისა და ჩინური კონკურენტუნარიანი წარმოების გასაახლებლად.
- ჩინეთის პოზიცია გასაგებია. ის, როგორც ჩანს არ აპირებს აშშ-ის მიერ შეთავაზებულ პირობებს უსიტყვოდ დათანხმდეს. რა ნაბიჯებს გადადგამს აშშ?
მეორე მხრივ, არც აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ზის გულხელდაკრეფილი. გასულ კვირას პრეზიდენტ ტრამპმა დააანონსა მასიური ინვესტიციების განხორციელება მიკროჩიპების წარმოებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების საქმეში. მან გამართულ პრეს-ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ ტაივანის წამყვან კომპანიასთან ერთად 100 მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს აშშ-ში თანამედროვე ნახევარგამტარების წარმოების დასაწყებად. თანადროულად, პრეზიდენტი ტრამპი გეგმავს მოახდინოს დაახლოებით ნახევარი ტრილიონი დოლარის მობილიზება ხელოვნური ინტელექტის დარგში ახალი კვლევების განსახორციელებლად და ხარისხობრივად ახალი თაობის პროდუქტების წარმოების გასაშლელად. ამასთანავე, გასულ თვეში თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ განიხილავს ჩინეთში მგრძნობიარე ტექნოლოგიების დარგში აშშ-ის ინვესტიციების შეზღუდვების გაფართოებას და გააგრძელებს ჩინეთის ინვესტიციების შეზღუდვას სტრატეგიული მნიშვნელობის ამერიკულ სექტორებში. თუმცა ჩინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ვაშინგტონის ეს „დრაკონული მეთოდები“ სულაც არ აშინებს ჩინელ მეწარმეებს. პირიქით, ეს იქნება სტიმული იმისთვის, რომ ჩინეთმა მოახდინოს ამერიკული ნაწარმისა და ტექნოლოგიების ჩანაცვლება ჩინური, შესაძლოა, კიდევ უფრო დახვეწილი და უკეთესი ხარისხის ანალოგებით.
-სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების დაძაბვას რა ასახვა ექნება ორი ქვეყნის პოლიტიკურ ურთიერთობებში?
ამერიკასა და ჩინეთს შორის პაექრობა უფრო ახალ და დრამატულ დონეზე ადის. პეკინში სრულიად ჩინეთის სახალხო დეპუტატთა ყრილობის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან იმ CNN-ის კორესპონდენტის კითხვაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ პოლიტიკის შესახებ განაცხადა: „თუ ყველა ქვეყანა თავის თავს უპირატესად პირველ ადგილზე დააყენებს, "ჯუნგლების კანონი" დაბრუნდება საერთაშორისო ურთიერთობებში“. შემდგომ მან განავრცო: „მსოფლიოში 190-ზე მეტი ქვეყანაა. თუ ყველა ქვეყანა მხოლოდ თავის თავზე იზრუნებს და შეპყრობილი იქნება ძალაუფლების დემონსტრირებით და მისი ცალმხრივად გამოყენებით, მაშინ „ჯუნგლების კანონი“ კვლავ გამეფდება თანამედროვე სამყაროში. პირველ რიგში მცირე და სუსტი ქვეყნები დაზარალდებიან, ხოლო საერთაშორისო ნორმები და წესრიგი სრულიად უსარგებლო აღმოჩნდება“, - დასძინა მან. როდესაც ხსენებულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა ჩინეთის პირველ დიპლომატს ჰკითხეს ტრამპის გადაწყვეტილების შესახებ ჩინეთიდან აშშ-ში იმპორტირებულ საქონელზე ტარიფების გაორმაგების თაობაზე, ვან იმ საკმაოდ მკაცრი ტონით განაცხადა: „არცერთ ქვეყანას არ შეუძლია, ერთი მხრივ, ჩინეთზე წნეხი განახორციელოს და, მეორე მხრივ, ჩინეთთან კარგი ურთიერთობები განავითაროს. ამდაგვარი ორსახოვანი მიდგომა არ არის სასარგებლო სტაბილური ურთიერთობებისთვის“. ამით საგარეო მინისტრმა ახსნა პრეზიდენტ ტრამპის მუდმივი პოზიტიური გზავნილები პრეზიდენტ სის მისამართით. უფრო მეტიც, აშშ-ის პრეზიდენტმა თავის ინაუგურაციაზე მოიპატიჟა ჩინეთის ლიდერი, რომელმაც თავაზიანად აარიდა თავის ვაშინგტონში ჩამოსვლას.
-აშშ და ჩინეთი გლობალურ ბაზარზე მნიშვნელოვანი და მთავარი მოთამაშეები არიან. ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების დაძაბვა რა გავლენას მოახდენს მათ ეკონომიკებზე?
პეკინი გეგმავს, რომ 2025 წელს ჩინეთის ეკონომიკის ზრდა 5%-ს მიაღწევს. გასულ წელს ქვეყნის ეკონომიკის ზრდა დაახლოებით იგივე დონეზე იყო, რაც წლევანდელი საპროგნოზო მაჩვენებელია. თუმცა აშშ-სთან მიმდინარე სატარიფო ომი, ვაშინგტონიდან მომდინარე საინვესტიციო და უახლეს ტექნოლოგიებზე წვდომის შეზღუდვები, არასასურველი გარე ფაქტორები და გართულებული გეოპოლიტიკური გარემო, რიგი მკვლევრების აზრით, სავარაუდოდ, ეკონომიკურ ზრდას 1,1 %-ით შეანელებს, რაც პეკინისთვის მოვლენების ფრიად არასასურველი მიმართულებით განვითარებას წარმოადგენს. თუ შევადარებთ ზოგადად ორივე ქვეყნის ეკონომიკას, ჩინეთის ნომინალური მშპ, გასული წლის საპროგნოზო მონაცემების თანახმად, შეადგენდა 18,3 ტრილიონ დოლარს, ხოლო აშშ-ის მშპ - 29,2 ტრილიონ დოლარს, ანუ სხვაობა შეადგენს 10,9 ტრილიონ დოლარს (აშშ-ის მშპ 1,6- ჯერ მეტია ვიდრე ჩინეთის მშპ). რაც შეეხება მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით (PPP) მშპ-ს შედარებას, აქ სურათი შეტრიალებულია: ჩინეთის ეკონომიკა შეადგენს 37,1 ტრილიონ დოლარს, ხოლო აშშ-ის მშპ - 29,2 ტრილიონ დოლარს (ჩინეთის მშპ 1,27-ჯერ მეტია, ვიდრე აშშ-ის ანალოგიური მონაცემი).
თუ შევადარებთ სხვა დარგებს - განათლებას, მეცნიერებასა და ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და ვაჭრობას, აქ ჩინეთი არსებითად დაეწია აშშ-ს. ხოლო ხოლო, რაც შეეხება ვაჭრობას, ამ დარგში ჩინეთი მნიშვნელოვნად წინ უსწრებს აშშ-ს. ჩინეთს საგარეო ვაჭრობაში კოლოსალური დადებითი სალდო გააჩნია (1 ტრილიონ აშშ დოლარზე
მეტი), ამერიკას კი უკვე კარგა ხანია, რაც წლიდან წლამდე უარყოფითი სავაჭრო ბალანსი
გააჩნია, განსაკუთრებით ეს მკაფიოდ ჩანს ჩინეთთან ვაჭრობაში. რაშიც ჩინეთი დღეს ჩამორჩება აშშ-ს, ეს არის სამხედრო სიძლიერე. რაც შეეხება სამხედრო ძალას, აშშ უკვე დიდი ხანია რაც არის გლობალური ლიდერი ახალი შეიარაღებების წარმოებისა და თავდაცვაზე ხარჯების გაწევის კუთხით და 2022 წლის მონაცემებით, აშშ ჩინეთს ორჯერ უსწრებდა ამ კომპონენტში. თუმცა, ეს სხვაობა უკანასკნელი წლების განმავლობაში მცირდება. დღეს აქტიურად მიმდინარეობს ჩინეთის სამხედრო ძალების მოდერნიზაცია და პეკინი ყოველწლიურად ზრდის თავდაცვის ბიუჯეტს. თუმცა, საზღვარგარეთ სამხედრო ძალის პროეცირების კუთხით, აშშ გაცილებით წინ არის. აშშ-ს 750-ზე მეტი სამხედრო ბაზა გააჩნია საზღვარგარეთ, ხოლო ჩინეთს - მხოლოდ 3. მეორე მხრივ, ჩინეთი სულ უფრო აძლიერებს ალიანსებს რუსეთთან, ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან შეიარაღების, სამხედრო ტექნოლოგიების გადაცემისა და ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებით, რაც საკმაოდ სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამერიკის სამხედრო დომინირებას მსოფლიოში.
ბევრი ამერიკელი მკვლევარი (ჯონ მერშაიმერი, ჯეფრი საქსი, აწ გარდაცვლილი ჰენრი კისინჯერი და სხვ.) თვლის, რომ აშშ-ის მთავარ მეტოქეს და საფრთხის წყაროს დღეს ჩინეთი წარმოადგენს. ჩინეთი, რომელიც ესოდენ დაწინაურდა გლობალურ დონეზე, პირველ რიგში ამერიკის „დამსახურებაა“. როგორც პროფესორი მერშაიმერი აცხადებს, - „ეს არის ამერიკა ვინც გამოზარდა/გამოკვება მხეცი“ (“It was the US that has fed the beast”). ათეული წლების განმავლობაში მოწინავე ტექნოლოგიებით აღჭურვილი აშშ-ის საწარმოები და კომპანიები ფუძნდებოდნენ ჩინეთში, დღეს კი ვაშინგტონი ცდილობს ეს კომპანიები უკან დააბრუნოს სამშობლოში. პრეზიდენტ ტრამპმა დაისახა ერთ-ერთ მთავარ ამოცანად ამერიკული გიგანტ Apple-ის რეპატრიაცია აშშ-ში. ამას კი ათეული წლები დასჭირდება, როგორც iPhone-ების მწარმოებელი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს.
მოკლედ თუ დავასკვნით, აშშ-ჩინეთის პაექრობა ახალ სტადიაში შედის. ეს დუეტი დაახლოებით ისეთ წყვილს მოგვაგონებს, რომელსაც გაყრა უნდა, მაგრამ მეწყვილეები იმდენად არიან ერთმანეთზე დამოკიდებული და გადაჯაჭვული, რომ ამას ვერ ახერხებენ. სხვაგვარად ამას სიყვარული-სიძულვილის ურთიერთობა ჰქვია (love-hate relationship).