5 წლის წინ, 31 იანვარს, ბრიტანეთმა თითქმის 50-წლიანი პოლიტიკური კავშირი გაწყვიტა, რომელიც ქვეყანას 27 ევროპულ სახელმწიფოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას ანიჭებდა.

თითქმის 50 წლიანი წევრობის შემდეგ, 31 იანვარს, ლონდონის დროით, საღამოს 11 საათზე, გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა.

„ბრექსიტის“ მხარდამჭერებისთვის ბრიტანეთი სუვერენულ სახელმწიფოდ იქცა, მისი მოწინააღმდეგეებისთვის კი იზოლირებულ ქვეყნად. ნებისმიერ შემთხვევაში, ევროპული გაერთიანების დატოვება-არდატოვების საკითხმა ქვეყნის მოსახლეობა დაყო.

5 წლის შემდეგ კი, გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეები, ისევე როგორც ადგილობრივი ბიზნესები, კვლავ ცდილობენ ბრექსიტით გამოწვეულ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცვლილებებთან შეგუებას.

_„_ამან ჩვენი ეკონომიკა შეცვალა. ალბათ ყველაზე ნაკლებად გასაკვირია, რომ ბრექსიტმა გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკაზე უარყოფითად იმოქმედა, მაგრამ არა ზუსტად ისე, როგორც პროგნოზირებული იყო. ვფიქრობ მომსახურების სექტორი ყველაზე კარგად არის შენარჩუნებული, მაგრამ იზარალა საქონლით ვაჭრობამ, დაზარალდა ინვესტიციები“, – განმარტავს პოლიტიკის მეცნიერი, ანანდ მენონი.

დიდი ხნის განმავლობაში ბრიტანეთი ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე მერყევი წევრი იყო, როდესაც 2016 წლის ივნისში, ქვეყანაში გაერთიანების დატოვების საკითხზე რეფერენდუმი გაიმართა.

ათწლეულების განმავლობაში დეინდუსტრიალიზაციამ და ემიგრაციის მაღალმა მაჩვენებელმა  საფუძველი მოამზადა არგუმენტისთვის, რომ ევროკავშირის დატოვება გაერთიანებულ სამეფოს საკუთარ საზღვრებზე, კანონმდებლობასა და ეკონომიკაზე კონტროლის აღდგენის შესაძლებლობას მისცემდა.

თუმცა რეფერენდუმის შედეგი, 52% მომხრე და 48% მოწინააღმდეგე – ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. არც კონსერვატიული მთავრობა და არც ევროკავშირში დარჩენის მომხრეები, ბლოკის დატოვების დეტალებთან გამკლავებისთვის მზად არ ყოფილან.

რეფერენდუმს ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის რამდენიმეწლიანი დავა მოჰყვა, რის შედეგადაც პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი გადადგა. იგი ბორის ჯონსონმა ჩაანაცვლა, რომელმაც ,,ბრექსიტის ბოლომდე მიყვანის“ პირობა დადო. თუმცა, არც ეს აღმოჩნდა მარტივი.

დიდმა ბრიტანეთმა გაერთიანება სამომავლო ურთიერთობების შესახებ შეთანხმების გარეშე დატოვა. პოლიტიკურ განხეთქილებას 11-თვიანი მოლაპარაკებები მოჰყვა, რომელიც 2020 წელს, შობის ღამეს დასრულდა. შედეგად, ბრიტანეთმა შეინარჩუნა ევროკავშირის ტერიტორიაზე ტარიფების გარეშე ვაჭრობის უფლება, თუმცა შეთანხმებას ახალი, დამატებითი ხარჯები და დაბრკოლებები მოჰყვა.

,,ფული დავკარგეთ. სერვისი შენელდა და გაძვირდა, მაგრამ გადავრჩით, კვლავ ბიზნესში ვართ. კვლავ ბაზრის ლიდერები ვართ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს აქ ვაწარმოებთ. ვფიქრობთ, ხომ არ უნდა გავხსნათ დამატებითი საწარმო ევროკავშირის შიგნით… ამ ეტაპზე გადაწყვეტილი გვაქვს, რომ არა, თუმცა მუდმივად განვიხილავთ ამ საკითხს.

მიმაჩნია, რომ ბრექსიტის ბევრი შეღავათი აშკარა ტყუილი იყო, სამწუხაროდ ასეა. ასე რომ, ბიზნესების უმეტესობა უბრალოდ ადაპტირდა. ჩემი მეწარმე მეგობრების უმრავლესობა ამბობს, რომ ბრექსიტმა მათ ბიზნესებზე უარყოფითად იმოქმედა, ზოგი ამბობს, რომ არაფერი შეცვლილა. გააჩნია რას საქმიანობენ. ხალხი ადაპტირდა, ზოგი ბიზნესი დაიხურა. ზოგმა წარმოება დიდი ბრიტანეთიდან გაიტანა. ყველა სხვადასხვა გზით ვეგუებით“, – ამბობს ბიზნესმენი ლარს ანდერსენი, ,,My Nametags”-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ბრიტანეთის საბიუჯეტო ოფისი პროგნოზირებს, რომ ქვეყნის ექსპორტი და იმპორტი გრძელვადიან პერსპექტივაში 15%-ით დაბალი იქნება ვიდრე ევროკავშირში რომ დარჩენილიყო. გარკვეულწილად, ბრექსიტის შედეგები მოულოდნელი აღმოჩნდა, როგორც მისი მხარდამჭერებისთვის, ისე ოპონენტებისთვისაც.

ემიგრაციის შემცირების სურვილი, ევროკავშირის დატოვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, თუმცა დღეს გაერთიანებულ სამეფოში ემიგრაცია გაცილებით მაღალია, ვიდრე ბრექსიტამდე. ამავდროულად, ვითარებას ართულებს მსოფლიოს გარშემო პროტექციონიზმის მომხრე პოლიტიკური ლიდერების აღზევებაც, განსაკუთრებით თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნების გათვალისწინებით.

,,ვიტყოდი, რომ მსოფლიო სავაჭრო სისტემა, მსოფლიო ეკონომიკა ისე შეიცვალა, რომ ბრექსიტი ახლა უფრო რთულად გაყიდვადია. ბრექსიტი დაფუძნებული იყო იმგვარადვე, რომ გლობალიზაცია სრული სისწრაფით წავიდოდა წინ და რომ ჩვენი უახლოესი და უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები ლიბერალურ, ღია ეკონომიკებად დარჩებოდნენ. ეს ასე არ მოხდა… უკრაინაში ომის, კოვიდ-პანდემიის და ჩინეთთან გაუარესებული ურთიერთობები გამო. გლობალიზაცია შენელდა და ზოგ რეგიონში შეჩერდა კიდეც. აშშ-იც და ევროკავშირიც მეტად პროტექციონისტები გახდნენ. ეს ჯო ბაიდენის დროსაც ვიხილეთ. დიდი თანხა იხარჯება შიდა მრეწველობის სუბსიდირებაზე, რაც ართულებს ამ ბაზრებზე შეღწევას. მსოფლიო ახლა გაცილებით ნაკლებად მიმტევებელია, ვიდრე ეს 2016 წელს იყო, როდესაც ევროკავშირის დატოვებას მივეცით ხმა“, – განაცხადა ანანდ მენონმა.

გამოკითხვები მოწმობს, რომ დიდი ბრიტანეთის საზოგადოების უმრავლესობის აზრით, ბრექსიტი შეცდომა იყო, თუმცა ევროკავშირში დაბრუნების პერსპექტივა ამ ეტაპზე არ ჩანს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ევროკავშირთან ,,ურთიერთობების გადატვირთვის“ პირობა დადო, თუმცა გამორიცხავს ერთიან ბაზარზე დაბრუნებას.

მისი მიზანი შედარებით მოკრძალებული ცვლილებების გატარებაა, რაც ხელოვანების და სხვა პროფესიონალებისთვის სამუშაოს გაადვილებას და სამართალდაცვის სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს.

ევროკავშირის ლიდერები ბრიტანეთის ახალ მიდგომას მიესალმებიან, თუმცა კონტინენტზე მემარჯვენე ძალების აღზევების გათვალისწინებით, გაერთიანებული სამეფო ბლოკის მთავარ პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს.

წყარო: euronews georgia