ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყაზახეთში გამართული ალმათის ტურნირის ფინალში გასვლის შემდეგ ATP-ს მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო ასეულში დაბრუნდა და 95-ე ადგილი დაიკავა.
34 წლის ქართველი ტურნირის დაწყებამდე 128-ე პოზიციაზე იმყოფებოდა, ალმათიში წარმატებული გამოსვლის შედეგად კი 33 ადგილით დაწინაურდა.
ბასილაშვილმა ATP-ს 250-ქულიან ტურნირზე ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, სადაც ორი შეხვედრა მოიგო, ძირითად ბადეში კი ოთხი გამარჯვება მოიპოვა. ნახევარფინალში მან ბერძენი სტეფანოს ციციპასი დაამარცხა და 2022 წლის შემდეგ პირველად გავიდა ATP-ს ტურნირის ფინალში.
გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველი მსოფლიოს მეხუთე ჩოგანთან, რუს დანიილ მედვედევთან სამ სეტში – 7:6 (8:6), 1:6, 3:6 დამარცხდა. ტურნირის ვიცე-ჩემპიონობით ბასილაშვილმა 165 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი მომდევნო ტურნირში ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იასპარეზებს, სადაც ATP-ს 500-ქულიანი კატეგორიის შეჯიბრება გაიმართება.