ახალმა ევროკომისიამ ევროპარლამენტარებისგან მწვანე შუქი მიიღო. ევროკავშირის აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომელიც მოვალეობის შესრულებას 1 დეკემბრიდან შეუდგება, ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების გაზრდილი ტარიფების საფრთხისა და ჩინეთის უკანონო სუბსიდიების ფონზე, ბევრია გასაკეთებელი ვაჭრობის თვალსაზრისითაც.

„ჩვენ გვიწევს გავუმკლავდეთ ორ სავაჭრო პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს, რომლებიც ნამდვილად იყენებენ უსამართლო მეთოდებს. ბატონი ტრამპი გარკვეულ ტარიფებს დააწესებს. ჩვენ ამისთვის უნდა მოვემზადოთ და თავდაცვის ზომები მივიღოთ. რაც შეეხება ჩინეთს: ბევრი არალეგალური სუბსიდიით ინდუსტრიულ პოლიტიკაში მის ერთგვარ ჰეგემონიას ვხედავთ. უნდა ვიმოქმედოთ“, – აღნიშნავს ბერნდ ლანგე, ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარე.

თითქმის სამწლიანი ბრძოლის შემდეგ უკრაინაში ომი კვლავ მწვავე ფაზაშია. მას შემდეგ, რაც რუსეთის სამსახურში ათასობით ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი ჩადგა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა კიევს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენების უფლება მისცა. უკრაინის მხარდაჭერა და მისი ევროკავშირში გაწევრების პროცესი ახალი კომისიისთვის მნიშვნელოვან საკითხად რჩება.

„ომი მაშინ დასრულდება, როცა ორივე მხარე მიხვდება, რომ სამხედრო საშუალებებით მიზნებს უბრალოდ ვერ მიაღწევენ. სწორედ ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, გავაგრძელოთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა იმით, რაც გვაქვს. გავაგრძელოთ ყველაფერი, რაც ბატონ პუტინს აჩვენებს, რომ ეს სასტიკი ომი წარუმატებელია. ჩვენ, როგორც ევროკავშირი, აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას ნებისმიერი სახის სამშვიდობო მოლაპარაკებებში“, – ამბობს დევიდ მაკალისტერი, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.

ევროკავშირში ულტრამემარჯვენეების მზარდი გავლენის პირობებში, კომისიას შეუძლია იმიგრაციასთან დაკავშირებული პოზიცია გაამკაცროს, რაც სავარაუდოდ, დაძაბულობას შექმნის.

„ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ მიდიოდა ურსულა ფონ დერ ლაიენი არასწორი მიმართულებით. ვნახეთ ინოვაციური გამოსავალი, რომელსაც ის წევრ ქვეყნებს სთავაზობდა და რომლითაც პასუხისმგებლობა საზღვრების, მიგრაციისა და თავშესაფრის მომთხოვნთა მენეჯმენტზე ევროკავშირს მიღმა გადიოდა, რაც არათუ მხოლოდ მიუღებელია სოციალ-დემოკრატთა ჯგუფისთვის, არამედ ჩვენს მიერ შემოღებულ კანონმდებლობასაც კი ეწინააღმდეგება“, – ამბობს ევროპარლამენტარი ხუან ფერნანდო ლოპეზ აგილარი.

იმის ფონზე, რომ უკვე მეორე წელია გერმანია ეკონომიკური კრიზისის წინაშეა, საფრანგეთის სახელმწიფო ვალი კი იზრდება, ევროკავშირის მრავალწლიანი ბიუჯეტის საკითხი ამ ჯერზე შესაძლოა ჩვეულებრივზე მწვავეც კი იყოს.

ცნობისთვის, ევროკომისია გეგმავს, გარკვეულ ქვეყნებში ევროკავშირის საელჩოების პერსონალის შემცირებას, რათა გაზარდოს თანამშრომელთა რაოდენობა იმ სახელმწიფოებში, რომლებშიც ბრიუსელს სტრატეგიული ინტერესი აქვს.

წყარო: ევრონიუს ჯორჯია