„სახელმწიფოს არ აქვს საშუალება, რომ ფულის გამოყენებით მანიპულირება მოახდინოს მათზე“ - როგორც განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია აცხადებს, პრემიერის რეფორმა განათლებაში ამ სფეროზე მეტი პოლიტიკური კონტროლის მოპოვებას შეეხება.
შეგახსენებთ, გუშინ ირაკლი კობახიძემ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის პროექტის წარდგენისას განაცხადა, რომ სკოლები 12-წლიანი სწავლების ნაცვლად 11-წლიან სწავლებაზე უნდა გადავიდეს, ბაკალავრიატი 3-წლიანი, მაგისტრატურა 1-წლიანი. ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, იგეგმება, რომ ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში.
„ირაკლი კობახიძის მიზანია უნივერსიტეტებსა და სკოლებზე მეტი პოლიტიკური კონტროლის დამყარება. ძალიან სარისკო რამეს იწყებენ, ამან შეიძლება ჩამოშალოს მათი მხარდამჭერებიც კი.
პროტესტის განმავლობაში მათ დაინახეს, რომ უნივერსიტეტები არის საფრთხე ავტორიტარულ რეჟიმებში. პროფესორებიც და სტუდენტებიც აქტიურად მონაწილეობენ აქციებში, იფიცებიან, წყვეტენ სწავლება, აქვთ მოთხოვნები.
სტუდენტები არის ის ძალა, რომელზეც ჯერ კონტროლი არ აქვთ და იმიტომ, რომ უნივერსიტეტებს აქვთ გარკვეული ფინანსური ავტონომია. უნივერსიტეტების მხოლოდ პატარა ნაწილს აქვთ დაფინანსება სახელმწიფოსგან, ანუ სახელმწიფოს არ აქვს საშუალება, რომ ფულის გამოყენებით მანიპულირება მოახდინოს პროფესორებით და სტუდენტებით.
რეფორმები ეხება უფროსკლასელებსაც, რომლებიც ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ გარკვეულ საპროტესტო აქციებში ანუ ეს ნიშნავს, რომ ახალგაზრდების დიდი ნაწილი მხარს არ უჭერს ხელისუფლების რეპრესიულ პოლიტიკას“ - აცხადებს სიმონ ჯანაშია.