ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკომისიის ახალ შემადგენლობას ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით.

ევროკომისიის დამტკიცებას ხმა მისცა ევროპარლამენტის 370-მა წევრმა, 282 კი წინააღმდეგი იყო. 36-მა დეპუტატმა თავი შეიკავა.

ევროკომისიის ახალი წევრები უფლებამოსილების შესრულებას პირველი დეკემბრიდან უნდა შეუდგნენ.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობას მეორე ვადით დაიკავებს.

ისინი, ფორმალურად, ევროპულმა საბჭომ უნდა დანიშნოს ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი იქნება, რომელიც ოლივერ ვარჰეის შეცვლის. თავად ვარჰეი კი ჯანდაცვის კომისრის პოსტს დაიკავებს. საგარეო და უსაფრთხოების კომისარი ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი იქნება, რომელიც ამ ადგილზე ჯოზეფ ბორელს შეცვლის. ირლანდიის ფინანსთა ყოფილი მინისტრი მაიკლ მაკგრატი იუსტიციის საკითხებში ევროკავშირის მომავალი კომისარი იქნება, ლიეტუველი ანდრიუს კუბილიუსი კი ევროკავშირის თავდაცვის კომისარი გახდება.

პირველი არხი