საყოველთაოდ ცნობილი ბიზანტიური ტაძრის შენარჩუნების ფართომასშტაბიანი პროექტის ფარგლებში, აია სოფიას გუმბათის გარე გარსის დემონტაჟი იგეგმება. 2020 წლიდან ეს ტაძარი მეჩეთის სახით ფუნქციონირებს.

„გუმბათის ქვედა ნაწილი მოზაიკითაა დაფარული, რაც ქვემოდან სტრუქტურულ ჩარევას თითქმის შეუძლებელს ხდის. ამ პრობლემის გადასაჭრელად, რესტავრაცია ფოკუსირებული იქნება გარედან ჩარევაზე, კერძოდ - ტყვიის საფარისა და ცემენტის შემცველი მასალების მოცილებაზე, რომლებიც დროის მანძილზე დაზიანდა“, - განმარტა რესტავრაციის სამეცნიერო კომიტეტის წევრმა, ახმეტ გულეცმა.

წინასწარი კვლევების დროს, გუმბათის ტყვიის საფარში სტრუქტურული ანომალიები გამოვლინდა. გულეცის თქმით, სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა გუმბათის გარე ფენის დემონტაჟის და მისი სტრუქტურული ელემენტების მდგომარეობის შეფასების აუცილებლობა.

მთელი წლის განმავლობაში მუშაობის უზრუნველსაყოფად და არასასურველი ამინდის პირობებისგან დაცვის მიზნით, გუმბათზე დროებითი სახურავის კონსტრუქცია დაიდგმება. ეს საშუალებას მისცემს რესტავრატორებს, წვიმისა და ქარის მიუხედავად, შეუფერხებლად იმუშაონ.

აღდგენის პროგრამა ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ფასადების შეკეთებასაც ითვალისწინებს. უკვე დამონტაჟდა ფოლადისგან დამზადებული ხარაჩოები და დამცავი ბადეები, ხოლო ცემენტით შესრულებული არაორიგინალური ბათქაში ტრადიციული ოსმალური მასალებით იცვლება.

გუმბათის დემონტაჟი და შემდგომი შეკეთება, სავარაუდოდ, მარტში ან აპრილში, სამეცნიერო კომიტეტის მიერ პროექტის საბოლოოდ დამტკიცების შემდეგ დაიწყება. პროექტს თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მთავარი დირექტორატი უწევს ზედამხედველობას.

1tv.ge