საფრანგეთში გამოკითხული მამაკაცების 36 პროცენტი ადასტურებს, რომ თავისუფალი დრო ნამდვილად აქვთ. იგივეს ქალების მხოლოდ 30 პროცენტი აცხადებს. ფრანგ ქალებს არა მხოლოდ ნაკლები დრო რჩებათ საკუთარი თავისთვის, არამედ მას კაცებისგან განსხვავებულად იყენებენ და პირადი გატაცება (ჰობი) ნაკლებად უვითარდებათ.

ქალებს, საშუალოდ, ნაკლები თავისუფალი დრო აქვთ (საილუსტრაციო ფოტო)PHILIPPE TURPIN / PHOTONONSTOP VIA AAFP

ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობა მხოლოდ სამსახურსა და სახლში არ შეინიშნება. ის კედლებს გარეთაც იგრძნობა. 2024 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც ევროპის გენდერული თანასწორობის ინსტიტუტმა ჩაატარა, აჩვენა, რომ ფრანგ ქალებს, საშუალოდ, კაცებზე ნაკლები თავისუფალი დრო აქვთ. მათი დაახლოებით მესამედი (30%) აცხადებს, რომ აქვთ დრო, დღეში ან კვირაში ერთხელ, სპორტით, გარე აქტივობებით ან კულტურული ღონისძიებებით დაკავდნენ. ასეთი „ფუფუნების“ უფლებას საკუთარ თავს კაცების 36% აძლევს.

ეს განსხვავება, პირველ რიგში, შეიძლება ქალებსა და მამაკაცებს შორის საოჯახო საქმეების არათანაბარი განაწილებით აიხსნას. „სამწუხაროდ, საოჯახო საქმეებს, თითქმის მთლიანად, კვლავ ქალები იღებენ საკუთარ თავზე“, - ამბობს სოციოლოგი და ქალთა უფლებების დამცველი ასოციაცია „სორალიას“ კვლევების ხელმძღვანელი, ლოდინ ლაჰაიე. ევროპული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, ქალების 68% აცხადებს, რომ ყოველდღე ამზადებს საჭმელს ან საოჯახო საქმეებს ასრულებს. ასეთი მამაკაცების პროცენტული მაჩვენებელი (43%) ბევრად დაბალია.

დაღლილობა, როგორც გონებრივი, ასევე ფიზიკური

ამიტომ, ქალებს მამაკაცებზე ნაკლები თავისუფალი დრო აქვთ და ის მცირე დროც, რაც რჩებათ, გონებრივ დატვირთვას ხმარდება. ეს მოსაზრება 2017 წელს მხატვარ-მულტიპლიკატორ ემას მიერ განმარტების შემდეგ გახდა პოპულარული. ის გულისხმობს „ფსიქოლოგიურ ტვირთს, რომელიც ქალებს საოჯახო და საგანმანათლებლო ამოცანების მართვის გამო აწვებათ და ფიზიკურ და, უპირველეს ყოვლისა, ფსიქოლოგიურ დაღლილობას იწვევს“.

„გონებრივი დატვირთვის შესახებ მონაცემების მოპოვება ძალიან რთულია, რადგან ეს არის ფენომენი, რომელიც გონებაში ხდება. მაგრამ როდესაც ქალების მონათხრობს ვისმენთ, ვხვდებით, რომ გონებრივი ტვირთი ბევრ მათგანს მხრებზე მძიმედ აწვება. ეს არის ტვირთი, რომელიც „გონებრივ სივრცეს“ იკავებს, დიდი ენერგია მიაქვს და მცირე ადგილს ტოვებს დასვენებისთვის. ზოგიერთი ქალისთვის ის, თავისი სიმძიმით, მეორე ადგილზეა“, - აღნიშნავს ლოდინ ლაჰაიე.

„უთანასწორობა შენარჩუნებულია, რადგან ქალებს ნაკლები დრო არ აქვთ ყოველდღიური საქმიანობის გარდა სხვა რამის გასაკეთებლად“.

„სორალიას“ კვლევების მენეჯერი ამბობს, რომ ქალი ასევე საკმაოდ დიდ დროს უთმობს ოჯახის წევრებისა და ნათესავების დახმარებას - კვლევის თანახმად, ქალების 31% აცხადებს, რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან ბავშვების აღზრდაზე, მოხუცებზე ან შშმ პირებზე ზრუნვაზე, რასაც მამაკაცების მხოლოდ 23 პროცენტი აკეთებს. „ეს არის როლი, რომელიც ჯერ კიდევ ქალებს ეკისრებათ“, - წუხს ლაჰაიე.

„თავისუფალი დროის ნაკლებობა ხელს უშლის მათ [ქალებს], იფიქრონ საკუთარ თავზე, გააცნობიერონ, ვინ არიან ისინი, რა სურთ, რა არის მათი საჭიროებები“, - აღნიშნავს სოციოლოგი. მისივე თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე, ქალებს ნაკლებად გააჩნიათ პირადი ჰობი, ნაკლებად წევრიანდებიან ასოციაციებში ან მონაწილებენ პოლიტიკურ პროეცსებში, რაც „ხელს უწყობს უთანასწორობის შენარჩუნებას“.

წყარო: 1 არხი