უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე, 60-ზე მეტი კომპანია ტოვებს რუსულ ბაზარს და საქმიანობას ყაზახეთში აგრძელებს. ამის შესახებ ყაზახური მედია წერს.

ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალმას აიდაროვის განცხადებით, ყაზახეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს იმ საერთაშორისო კომპანიებთან, რომლებმაც რუსეთიდან გასვლის შესახებ გააკეთეს განცხადება. ასეთი კი 400-ზე მეტია. მისი თქმით, ამ დროისთვის 67კომპანიაა მზად ოპერირება ყაზახეთში განაგრძოს, 25-მა უკვე დატოვა რუსული ბაზარი და ყაზახეთში გადავიდა.

„მოწვევები 401 კომპანიას გაეგზავნა, რომლებითაც ჩვენ დაინტერესებული ვართ. დღეისათვის 67 კომპანიისგან დადებითი პასუხი გვაქვს და 25 კომპანია უკვე გადავიდა რუსეთიდან ყაზახეთში,“ - განაცხადა აიდაროვმა.

ალმას აიდაროვის თქმით, საერთაშორისო კომპანიებს შორისაა ამერიკული Honeywell-ი, რომელიც უკვე გადავიდა ალმათიში და იქ გახსნა მცირე საწარმოო ობიექტი, Ozon-ი ხსნის ლოჯისტიკურ პარკს ასტანაში და TikTok-მაც გადაიტანა თავისი ოფისი ყაზახეთში. 25 კომპანიას შორისაა - Indriver-ი, Fortescue Australian-ი და Alstom French-ი.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის სექტემბერში ყაზახეთის პრემიერ მინისტრმა ალიხან სმილოვმა განაცხადა, რომ რუსეთიდან ყაზახეთში პროდუქციისა და ოფისების გადატანის სურვილი 50-მდე კომპანიამ გამოთქვა. დეკემბრის დასაწყისში 19 კომპანიას უკვე გადატანილი ჰქონდა წარმოება ყაზახეთში.