ურბანული სიმდიდრე მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობით ან ფიზიკური ინფრასტრუქტურით დიდი ხანია, აღარ იზომება. დღესდღეობით, ქალაქების სიმდიდრე მათ ინოვაციურობაში, ინსტიტუციურ სიძლიერესა და კაპიტალის მოქნილობაშია. პლანეტის უმდიდრესი ქალაქები ადამიანურ კაპიტალს - მეწარმეებს, ფინანსისტებს, ანტრეპრენერებსა და პოლიტიკოსებს იზიდავენ, რაც, თავის მხრივ, მათი პროგრესის ტემპსაც აჩქარებს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ქალაქების სიმდიდრის განსაზღვრისთვის მთავარ ინდიკატორად კვლავ მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა რჩება. სინამდვილეში, ეს მხოლოდ ნაწილობრივ წარმოაჩენს მათ რეალურ სიდიადეს, რაც, მშპ-სთან ერთად, ტექნოლოგიურ სიძლიერესა და საინჟინრო მეცნიერებებშია.

გამოცემა CEOWORLD პლანეტის უმდიდრესი ქალაქების რეიტინგს აქვეყნებს, რომელშიც პლანეტის 300 ქალაქი მათი მშპ-ის მიხედვით პოზიციონირებს. ერთობლივად, პლანეტის უმდიდრესი 10 ქალაქი, გლობალური მშპ-ს თითქმის 1/3-ს წარმოადგენს, რაც აჩვენებს, თუ როგორ არის ეკონომიკური სიძლიერე სულ უფრო მეტად ურბანულ ცენტრებში კონცენტრირებული.

1. ტოკიო - მშპ: $2.55 ტრილიონი

რეიტინგში ტოკიოს დომინირება შემთხვევითი არ არის. ქალაქი კვლავაც ოპერაციული სრულყოფილების, ტექნოლოგიური დახვეწილობისა და დისციპლინირებული ეკონომიკური მმართველობის ეტალონად რჩება. იაპონიის დედაქალაქი ინოვაციებს ინფრასტრუქტურასთან ისე აერთიანებს, როგორც სხვა ძალიან ცოტა - მისი სატრანსპორტო სისტემები, ფინანსური ქსელები და სამრეწველო მიწოდების ჯაჭვები შეუდარებელი სიზუსტით ფუნქციონირებს.

რობოტიკიდან ნახევარგამტარების წარმოებამდე, ტოკიო მემკვიდრეობასა და პროგრესს შორის ბალანსის მაგალითია. ქალაქის კულტურული ერთგულება ხელოსნობისა და უწყვეტი გაუმჯობესებისადმი მდგრად ეკონომიკურ სიცოცხლისუნარიანობაში გამოიხატება, დემოგრაფიული გამოწვევების ფონზეც კი.

2. ნიუ-იორკი - მშპ: $2.48 ტრილიონი

ნიუ-იორკის ისტორია ფინანსური სიმძიმისა და მდგრადობის ამბავია. მეტროპოლიტენის მშპ, რომელიც თითქმის ტოკიოსას უტოლდება, გლობალურ ფინანსებში, უძრავ ქონებასა და ინოვაციებში მის ცენტრალურ როლს ასახავს. მანჰეტენის ჰორიზონტი ამბიციის სიმბოლოზე მეტია - ის გლობალური კაპიტალის ნაკადის ვერტიკალური გამოვლინებაა.

ქალაქი კვლავ რჩება საინვესტიციო საბანკო საქმიანობის, ჰეჯფონდებისა და კერძო კაპიტალის განვითარების ეპიცენტრად. თუმცა, ფინანსების გარდა, ნიუ-იორკმა დივერსიფიცირება მოახდინა ტექნოლოგიურ, ბიოტექნოლოგიურ და ციფრულ მედიაში, რაც უზრუნველყოფს მისი ზრდის ტრაექტორიის სამომავლო დინამიკასაც.

ბაზრის არასტაბილურობისა და მაღალი საოპერაციო ხარჯების მიუხედავად, გლობალური ტალანტებისა და ინვესტორებისთვის ნიუ-იორკის მიზიდულობა ურყევია.

3. ლოს-ანჯელესი - მშპ: $1.61 ტრილიონი

ლოს-ანჯელესი მაგალითია, თუ როგორ გარდაიქმნება კულტურული კაპიტალი ეკონომიკურად. ქალაქის გასართობი (enterteinment) ინდუსტრია, რომელსაც ჰოლივუდი უჭერს მხარს, უფრო ფართო შემოქმედებით ეკონომიკად გადაიქცა, რომელიც აერთიანებს ციფრულ მედიას, თამაშებსა და ვირტუალურ წარმოებას. ამავდროულად, მისი ტექნოლოგიური და მწვანე ენერგიის ეკოსისტემები სწრაფად ფართოვდება, რაც იზიდავს როგორც ვენჩურულ კაპიტალს, ასევე ახალგაზრდა ნოვატორებს.

ქალაქის ცხოვრების წესის, კრეატიულობისა და კომერციის უნიკალური ნაზავი მას ახალი ურბანული ეკონომიკის მაგალითად აქცევს - ისეთი ეკონომიკის, სადაც იდეები და გავლენა ისეთივე ღირებულია, როგორც სამრეწველო წარმოება.

4. ლონდონი - მშპ: $1.47 ტრილიონი

5. სეული - მშპ: $1.41 ტრილიონი

6. პარიზი - მშპ: $1.39 ტრილიონი

7. ჩიკაგო - მშპ: $1.25 ტრილიონი

8. ოსაკა - მშპ: $1.18 ტრილიონი

9. სან-ფრანცისკო - მშპ: $1.15 ტრილიონი

10. შანხაი - მშპ: $1.14 ტრილიონი

bm.ge