შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის გადაწყვეტილებით, 2024 წლის ნობელის პრემია ქიმიაში სამ მეცნიერს გადაეცემა — ერთი ნაწილი ამერიკელ დევიდ ბეიკერს ცილის კომპიუტერული დიზაინისთვის, მეორე ნაწილს კი ბრიტანელი დემის ჰასაბისი და ამერიკელი ჯონ ჯამპერი გაიყოფენ ცილების სტრუქტურის პროგნოზირებისთვის.

2024 წელს ნობელის პრემია ქიმიაში ცილებს ეხება — სიცოცხლის გენიალურ ქიმიურ ხელსაწყოებს.

დევიდ ბეიკერმა წარმატებას თითქმის შეუძლებელი სისრულით მიაღწია და ააგო სრულიად ახალი სახის ცილები. დემის ჰასაბისმა და ჯონ ჯამპერმა შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რომელმაც 50-წლიანი პრობლემა გადაჭრა — გააკეთა ცილების რთული სტრუქტურების პროგნოზი. ამ აღმოჩენებს უზარმაზარი პოტენციალი აქვს.

სიცოცხლის მრავალფეროვნება მოწმობს ცოლების, როგორც ქიმიური ხელსაწყოების გასაოცარ უნარზე. ისინი აკონტროლებენ და წარმართავენ ყველა იმ ქიმიურ რეაქციას, რომლებიც ერთობლივად წარმოადგენენ სიცოცხლის საფუძველს. ცილები ასევე მოქმედებენ ჰორმონების, სასიგნალო ნივთიერებების, ანტისხეულებისა და სხვადასხვა ქსოვილის საშენი მასალების სახით.

„ერთ-ერთი აღმოჩენა, რომელსაც წლევანდელი ნობელი აღიარებს, ეხება საოცარი ცილების მშენებლობას. მეორე კი ეხება დაახლოებით 50-წლიანი ოცნების ახდენას: ცილების სტრუქტურების პროგნოზირება ამინომჟავების მიმდევრობიდან გამომდინარე. ორივე აღმოჩენა დიდ შესაძლებლობებს უხსნის ფანჯარას“, — ამბობს ნობელის ქიმიის კომიტეტის თავმჯდომარე ჰაინერ ლინკე.

როგორც წესი, ცილები 20 სხვადასხვა ამინომჟავისგან შედგება, რომლებსაც შეგვიძლია სიცოცხლის საშენი მასალები ვუწოდოთ. 2003 წელს, დევიდ ბეიკერმა ამ საშენი მასალების გამოყენებით შექმნა ახალი ცილა, რომელიც არცერთ სხვა ცილას არ ჰგავდა. მას შემდეგ, მისმა კვლევითმა ჯგუფმა ერთმანეთის მიყოლებით შექმნა არაერთი წარმოსახვითი ცილა; მათ შორის იყო ცილები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია მედიკამენტებად, ვაქცინებად, ნანომასალებად და ციცქნა სენსორებად.

ვრცლად პირველ არხზე