აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI) წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს გლობალურ აეროპორტებში მგზავრთნაკადი 9%-ით გაიზარდა და 9,5 მილიარდ ადამიანს მიაღწია.
ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3.8%-ით აღემატება 2019 წლის პანდემიამდელ დონეს.
მსოფლიოს ყველაზე დატვირთულ აეროპორტად (შიდა და საერთაშორისო ფრენების ჩათვლით) რჩება ამერიკული ჰარტსფილდ-ჯექსონი ატლანტაში, რომელიც ემსახურებოდა 108,1 მილიონ მგზავრს (+3,3% 2023 წელთან შედარებით). ეს არის Delta Air Lines-ის ჰაბი.
მეორე პოზიცია, როგორც 2023 წელს, დაიკავა დუბაის საერთაშორისო აეროპორტმა (92,3 მილიონი მგზავრი, +6,1%), მესამეზე – ამერიკული დალასი/ფორტ უორტის აეროპორტი (87,8 მილიონი, +7,4%). ტოკიოს ჰანედა მეოთხე ადგილზე ავიდა (85,9 მილიონი, +9,1%), ხოლო ლონდონის ჰითროუ მეხუთეზე ჩამოვიდა (83,9 მილიონი, +5,9%). შემდეგ მოდის დენვერის, სტამბოლის, ჩიკაგოს და ნიუ დელის აეროპორტები. ათეულში დაასრულა შანხაის პუდონგის აეროპორტი (76,8 მილიონი მგზავრი, +41%), რომელმაც აჩვენა რეიტინგში ყველაზე მკვეთრი ზრდა - 21-ე ადგილიდან 2023 წელს.
ACI აღნიშნავს, რომ მსოფლიოს ტოპ–10 აეროპორტზე მოდის გლობალური ტრაფიკის დაახლოებით 9%(855 მილიონი მგზავრი). ამგვარად, ისინი მოემსახურნენ 8,8%-ით მეტ მგზავრს, ვიდრე 2023 წელს და 8,4%-ით მეტს ვიდრე 2019 წელს.
აეროპორტების საერთაშორისო საბჭო პროგნოზირებს, რომ 2025 წლის ბოლოსთვის მსოფლიოში მგზავრთნაკადი 4,8%-ით გაიზრდება - 9,9 მილიარდ ადამიანამდე.
საჰაერო ტვირთების გადაზიდვა 2024 წელს 8,4%-ით გაიზარდა და 124 მლნ ტონა შეადგინა. 2019 წელთან შედარებით მოცულობა 3.9%-ით გაიზარდა. ტვირთების გადაზიდვაში ლიდერი 2024 წელს იყო ჰონგ კონგის აეროპორტი (4,94 მილიონი ტონა, +14,1% 2023 წელთან შედარებით), შემდეგ მოდის შანხაი (3,78 მილიონი ტონა, +9,8%) და მემფისი (3,75 მილიონი ტონა, -3,3%).
2024 წელს თვითმფრინავების აფრენის და დაფრენის რაოდენობა იყო დაახლოებით 100 მილიონი, რაც წარმოადგენს 4.3%-იან ზრდას წინა წელთან შედარებით. თუმცა, ეს მაჩვენებელი 2.6%-ით დაბალია, ვიდრე 2019 წელს იყო.
ACI აერთიანებს 2,18 ათასზე მეტ აეროპორტს 170 ქვეყანაში.