საშუალო სკოლიდან პროფესიულ განათლებაზე გადასვლა კვლავ გამოწვევად რჩება, რადგან თითქმის 10-ჯერ მეტი სტუდენტი ირჩევს უმაღლეს განათლებას, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ეკონომისტმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ხიშტოვანმა განუცხადა.
ის, რომ პროფესიულ და აკადემიურ განათლებას შორის, ამ დრომდე, დიდი დისბალანსია, ადასტურებენ თავად კოლეჯების წარმომადგენლებიც.
კოლეჯ “სპექტრის” დირექტორი მათე ტაკიძე ამბობს, რომ მიმდინარე სასწავლო წელი საკმაოდ წარმატებული იყო და პროფესიულ სასწავლებლებს როგორც ჩარიცხული სტუდენტების, ისე კურსდამთავრებულები რიცხვი გაეზარდათ, თუმცა, ქვეყანაში ჯერ კიდევ მცირე იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც პროფესიულ სწავლებას ირჩევენ.
მათე ტაკიძის ინფორმაციით, ევროპის წარმატებულ სახელმწიფოებში ახალგაზრდების 60 პროცენტი ირჩევს პროფესიულ განათლებას, 40%- კი აკადემიურს. მისივე განმარტებით, ყველა წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, პროფესიული და აკადემიული განათლება ერთმანეთს გათანაბრებულია, საქართველოში კი ეს ბალანსი დარღვეულია. მიზეზად ექსპერტები ქართულ მენტალიტეს და ცნობიერების საკითხს ასახლებენ, რის გამოც ქვეყანაში პროფესიული განათლება საკმარისად მიმზიდველი ჯერ კიდევ არ არის.
თუმცა, ამ პრობლემის გადასაჭრელად საქართველოში გარკვეული რეფორმები ხორციელდება. მაგალითისთვის, მიმდინარე სასწავლო წლიდან, ანუ სექტემბრიდან, პროფესიული სწავლება სკოლებშიც შევიდა. კერძოდ, განათლების სამინისტროს ინიციატივით, სატესტო რეჟიმში, 20-მდე სკოლა შეირჩა სხვადასხვა რეგიონში, სადაც დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პროფესიული განათლება პატარა ასაკშივე მიეღოთ. ეს პროექტი მომდევნო წლებშიც გაგრძელდება და დიდი ალბათობით, შემოდგომიდან პროექტში ჩართული სკოლების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
როგორც კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორი აღნიშნავს, ამ აქტივობებმა გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო და ბოლო პერიოდში, პროფესიული განათლება საქართველოში გაახალგაზრდავდა. ყველაზე მოთხოვნადი კი პროფესიული კუთხით - სამშენებლო სფერო და ინჟინერიაა, ასევე ტურიზმის სფერო, სამედიცინო სექტორი, ასევე სოფლის მეურნეობის და აიტის მიმართულება.
გარდა მოსახლეობის ნელი ნაბიჯით, თუმცა მაინც მზარდი ინტერესისა, პროფესიული განათლების მიმართ, წლიდან წლამდე იზრდება იმ ბიზნესების ინტერესიც, რომელთა მხრიდანაც მაღალი მოთხოვნაა სამუშაო ძალაზე.
„თითქმის ყველა სექტორში კვალიფიციური მუშახელის სერიოზული დეფიციტია და ამის გამო, სულ უფრო მეტი კომპანია ერთვება სხვადასხვა კოლეჯის განვითარების საქმეში, რათა საჭირო კადრებით დროულად იქნეს უზრუნველყოფილი. უნდა ითქვას, რომ პროფესიული სასწავლებლების პოპულარიზაციისა და განვითარების საქმეში ბიზნესი როგორც იდეით, ასევე ფინანსური კუთხით არის ჩართული“, - განაცხადა მათე ტაკიძემ.
ცნობისთვის, პროფესიული განათლების კუთხით, საქართველოს მასშტაბით დაფარვა საკმაოდ დიდია და თითქმის ყველა რეგიონში, დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, პროფესიული განათლება მიიღოს, რასაც იქ არსებული სასწავლო დაწესებულებები უზრუნველყოფენ. PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2024 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 97 პროფესიული სასწავლებელი იყო, აქედან 41 კერძო და 56 - კი საჯარო, თუმცა მიმდინარე წელს მათი რიცხვი კიდევ გაიზარდა.