UFC-ს მებრძოლის, ამერიკელი ბო ნიკალის თქმით, 12 აპრილს UFC 314-ზე ილია თოფურია თავისი საჩემპიონო ქამრის კიდევ ერთხელ დაცვას ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკის წინააღმდეგ შეეცდება.

ბო ნიკალსა და ილია თოფურიას საერთო სამენეჯერო სააგენტო ემსახურება. როგორც ნიკალი ამბობს, ამ ღონისძიებაზე, რომელიც მაიამიში უნდა ჩატარდეს, მონაწილეობის მიღება თავადაც სურს.

„ახლახან ილიასა და ვოლკანოვსკის ბრძოლა დააანონსეს. არ ვიცი, რა ვიფიქრო ამ შეხვედრაზე. ილიამ წინა დაპირისპირებაში ბრწყინვალედ დაამარცხა. ვოლკანოვსკი ცუდად, ნოკაუტით დამარცხდა. მომწონს ის, დიდი მებრძოლია, თუმცა არ ვიცი, როგორ შეძლებს თოფურიასთან გამარჯვებას“, – აღნიშნა ბო ნიკალმა.

28 წლის ილია თოფურიამ ალექსანდერ ვოლკანოვსკი 2024 წლის თებერვალში ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო შეხვედრაში დაამარცხა, შემდეგ კი ქართველმა მებრძოლმა თავისი ქამარი ოქტომბერში, მაქს ჰოლოვეისთან დაპირისპირებაში დაიცვა.

ავსტრალიელისა და ქართველის შესაძლო ბრძოლის შესახებ UFC-ს ჯერ განცხადება არ გაუვრცელებია.

პირველი არხი