მაღალმთიანი დასახლებებიდან, სასტუმროების ყველაზე მცირე რაოდენობაა დმანისის, თიანეთის, შუახევის, ნინოწმინდის და წალკის მუნიციპალიტეტებში, ხოლო ვიზიტორების რაოდენობით ლიდერობს ყაზბეგის და ბორჯომის მუნიციპალიტეტები, შემდეგ მოდის მესტია და ახალციხე - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მიერ მომზადებულ საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიაშია საუბარი.

დოკუმენტის მიხედვით, ტურიზმის ზრდამ დადებითი გავლენა იქონია ყველა მაღალმთიან მუნიციპალიტეტზე, თუმცა არა ყველაზე თანაბრად. 2012-2022 წლებში 21 მაღალმთიან მუნიციპალიტეტში დეკლარირებული სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების რაოდენობა გაიზარდა 162%-ით, 183-დან 479-მდე, ხოლო აღნიშნულ სასტუმროებში და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 146%-ით, 1 480-დან 3 642 ადამიანამდე.

2022 წლის მდგომარეობით, სასტუმროების ყველაზე დიდი რაოდენობა, 22% მოდიოდა ბორჯომის მუნიციპალიტეტზე, 17.3% - ყაზბეგის მუნიციპალიტეტზე, 12.7% - მესტიის მუნიციპალიტეტზე, 9.5% - ახალციხის მუნიციპალიტეტზე. 6.5-6.5%-ით შემდეგ ადგილზე არიან ამბროლაურის და ახმეტის მუნიციპალიტეტები. სასტუმროების ყველაზე მცირე რაოდენობაა (0-3%) დმანისის, თიანეთის, შუახევის, ნინოწმინდის და წალკის მუნიციპალიტეტებში. დასაქმებულების თითქმის ნახევარი, 43% დასაქმებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 27% ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხოლო 5-5.5 პროცენტით შემდეგ ადგილზე თითქმის თანაბრად არიან მესტიის, ახალციხის და ხულოს მუნიციპალიტეტები. 2.5%-ს თანაბრად ინაწილებენ ამბროლაურის, დუშეთის და ახმეტის მუნიციპალიტეტები. ვიზიტორების რაოდენობით ლიდერობს ყაზბეგის და ბორჯომის მუნიციპალიტეტები, შემდეგ მოდის მესტიის და ახალციხის მუნიციპალიტეტები, - ნათქვამია საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიაში.