ურეკი ტურისტულ სეზონს წელსაც მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურით შეხვდა. როგორც სასტუმროების წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, ბოლო წლების განმავლობაში ურეკში ინფრასტრუქტურის განვითარება ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს.
წლების განმავლობაში მიმდინარე ბულვარის მოწესრიგება დასრულდა, დაიგო ცენტრალური გზაც, თუმცა წყალარინების არარსებობის გამო, პრობლემები საზღვაო კურორტზე დღემდე მოუგვარებელია.
როგორც „კომერსანტთან“ სასტუმრო Kolkhida Resort & Spa-ს მფლობელი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, ახლადდაგებულ გზაზე წყალარინების სისტემის არარსებობა წვიმის დროს დიდ პრობლემებს ქმნის და რამდენიმე საათის განმავლობაში გზებზე წყალი დგას.
„ურეკში დიდი პრობლემაა ცენტრალურ გზაზე წყალარინების არარსებობა. ახალი გზა დაიგო დაახლოებით 3-4 წლის წინ და მაშინ წარმოუდგენელი გულგრილობის შედეგად, შავი ზღვისპირას სადაც უხვი ნალექი ჩვეულებრივი ამბავია, გზაზე წყალს გასასვლელი არ გაუკეთდა. ურეკი ვენეციას ემსგავსება, როდესაც წვიმს, საგზაო ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაშია. წვიმის შემდეგ დაახლოებით 2-3 საათის განმავლობაში გზებზე წყალი დგას, სანამ ის გასასვლელს იპოვის.
ამ გზის ხელახლა გაკეთებას შესაძლოა მილიონები დასჭირდეს, შესაბამისად ვითომ გაკეთებული გზა არის წყალში გადაყრილი ფული, ამიტომ ვინც ამაზე პასუხისმგებელი იყო უნდა დაისაჯოს, რომ მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს.
ზღვისპირა კურორტზე სადაც ნალექების რაოდენობა ყველაზე მეტია, ასეთ საკითხზე თვალის დახუჭვა წარმოუდგენელია.
რაც შეეხება ბულვარს, მისი მშენებლობა შარშან დასრულდა და ასე თუ ისე ფუნქციონირებს“, - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.
მისი თქმით, კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ მოსახლეობის ნაწილი შავიზღვისპირეთში დასვენებისგან თავს იკავებს, კვლევების და ექსპერტების განცხადებების მიუხედავად, რომ ამ ეტაპზე შავი ზღვა საშიშ ზონას არ განეკუთვნება, სასტუმროებს ჯავშნები მაინც არ აქვთ, ამ პრობლემებს კი რეგიონში არსებული მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაც ემატება, რომლის მოსაგვარებლად მთავრობა არაფერს აკეთებს.