ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, თუშეთის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, პრესტური გამართა.  ჟურნალისტებმა მოინახულეს ომალო, დართლო, შენაქო, დოჭუ და გომიწრის ხეობა.  

აქტივობები მიზნად ისახავს თუშეთის უნიკალური სილამაზისა და სათავგადასავლო ტურიზმის შესაძლებლობების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას.

ქვეყანაში სათავგადასავლო ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია, განსაკუთრებით კი მთიან რეგიონებში. ამ მიზნით, წლებია მიმდინარეობს საფეხმავლო ბილიკების განვითარების პროექტი, რომლის ფარგლებშიც, დღეისათვის, საქართველოს ყველა რეგიონში 1600 კილომეტრამდე საფეხმავლო ბილიკია მარკირებული.

ამ პროექტის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თუშეთს, სადაც 90 კილომეტრი სიგრძის საფეხმავლო ბილიკები მოინიშნა. ეს ბილიკები ზემო ომალოდან იწყება, ფარავს მთლიანად გომეწრის ხეობას და ერთმანეთთან აკავშირებს სოფლებს. პროექტის მიზანია დამატებითი ტურისტული პროდუქტის შექმნა, ქვეყნის გამორჩეული ადგილების პოპულარიზაცია და, ამ გზით, ტურისტების მოზიდვა.ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ აქტიურად გრძელდება ფშაველი-აბანო-ომალოს 72-კილომეტრიანი გზის საგზაო მოძრაობის გაუმჯობესების პროექტი. ამჟამად, სამუშაოები გზის 61.3 კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს. ეს გზა ერთადერთი დამაკავშირებელია თუშეთთან და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია  რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის.თუშეთამდე მისასვლელი ერთადერთი გზა ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზაა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველიდან იწყება და აბანოს უღელტეხილის (ზღვის დონიდან 2950 მეტრი) გავლით ომალოს უკავშირდება. რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო, წელიწადში მხოლოდ დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაშია შესაძლებელი თუშეთის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის პროექტი ეტაპობრივად, 2025-2026 წლებში დასრულდება.ამ ინიციატივების ერთობლიობა ხელს შეუწყობს თუშეთის, როგორც უმნიშვნელოვანესი ტურისტული მიმართულების, განვითარებას და რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.