ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა გიორგი პაპავამ რადიო „კომერსანტის“ ეთერში ტურიზმის რეფორმასა და ახალ კანონზე საუბრისას განაცხადა, რომ ტურიზმის სექტორში ბევრი გამოწვევაა, რომელზე საპასუხოდაც საჯარო და კერძო სექტორს საკმაოდ ოპტიმალურ გზად მიაჩნია ის ახალი კანონი, რომლის ინიციირებაც ახლო მომავალში პარლამენტში იგეგმება.

„რეფორმის ფარგლებში 4 მიმართულებით ვაკეთებთ შეფასებას. ესენია: რეფორმის შინაარსი და ადეკვატურობა - რამდენად პასუხობს რეფორმა არსებულ გამოწვევებს. დაინტერესებული მხარეებისგან აქ რეფორმა 10-დან 8 ქულით შეფასდა; რამდენად გაიყვანს რეფორმა იმ შედეგებზე, რომლებიც წინასწარაა განსაზღვრული და აქაც მაღალი შეფასება - 7.5 ქულა მიიღო რეფორმამ; რაც შეეხება ტურიზმის სექტორში არსებულ მდგომარეობას, ის მხოლოდ 5.6 ქულით შეფასდა“ - განაცხადა გიორგი პაპავამ.

მისი თქმით, ახალ კანონში 3 მიმართულებითაა დაგეგმილი ცვლილებები. ესენია:

„პირველი - ქვეყნის დონეზე, კოორდინაციის გაუმჯობესება და ტურისტული შეთავაზებების მრავალფეროვნების გაზრდა. ამისათვის იქმნება უწყება, რომელიც სახელმწიფოსგან და კერძო სექტორისგანაც დაფინანსდება, რომ ტურისტული დანიშნულება უფრო მეტად განვითარდეს.

მეორე ნაწილი - ტურისტული გიდებისა და სამთო-სათავგადასავლო გამყოლების რეგულირებაა. ტურისტული გიდებისთვის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების  შემოღება იგეგმება. ეს შესაძლებლობას მისცემს მომხმარებელს, უკეთ დაინახოს ვისთან აქვს საქმე. სამთო-სათავგადასავლო გამყოლებისთვის სერტიფიცირება სავალდებულო იქნება, რადგან ეს უკავშირდება ადამიანის უსაფრთხოებას.

მესამე საკითხი ევრო დირექტივასთანაა დაკავშირებულია და სავალდებულო გადახდის უნარიანის ან გარკვეულ საბანკო გარანტიის წარდგენას ამკვიდრებს, რომ ტურისტი დარწმუნებული იყოს, რომ მისთვის მომსახურების მიმწოდებელი ნამდვილად შეასრულებს თავის თავზე აღებულ პასუხისმგებლობას. საბოლოო ჯამში იკვეთება, რომ ტურიზმის სექტორში ბევრი გამოწვევაა, რომელზე საპასუხოდაც საჯარო და კერძო სექტორს საკმაოდ ოპტიმალურ გზად მიაჩნია ის ახალი კანონი, რომლის წარდგენაც პარლამენტი იგეგმება, “ - განაცხადა გიორგი პაპავამ.

შეგახსენებთ, რომ რეფორმეტრმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ საჯარო-კერძო დიალოგს უმასპინძლა, რომელიც ტურიზმის რეფორმის განხილვას დაეთმო. ამ ეტაპზე, ტურიზმის სექტორში დაგეგმილია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რომელიც მოიცავს ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) შექმნის სამართლებრივი წინაპირობების შემუშავებას; ტურისტული გიდები,ს სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლების საქმიანობის რეგულირებას; მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტების უზრუნველყოფას და სახელშეკრულებო ურთიერთობების რეგულირებას. ასევე, აგროტურიზმისა და ღვინის ტურიზმის სტატუსის მქონე სუბიექტებისათვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას.