საქართველოს მიმართ ტურისტული ინტერესი გაიზარდა, - ამის შესახებ ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ ნატა კვაჭანტირაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში აქტიური ტურისტული სეზონი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.

"ტურისტული ნაკადები გაზრდილია. ეს განსაკუთრებით თვალში საცემია აჭარის რეგიონში, დედაქალაქსა და კახეთში.

თავისთავად ეს დატვირთულობა იმ მარკეტინგული სამუშაოებით იყო გამოწვეული, რომელიც ჩატარდა. საქართველოს მიმართ ტურისტული ინტერესი გაიზარდა.

სტატისტიკური მონაცემები სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს გამოქვეყნდება, სადაც განისაზღვრება  რომელი ქვეყნიდან რამდენი სტუმარი ეწვია ჩვენს ქვეყანას. აქტიური სეზონი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, რადგან ჩვენს ქვეყანაში ზაფხული-შემოდგომა აქტიურ პერიოდად ითვლება. ვფიქრობთ, რომ მზარდი ტემპი გაგრძელდება და  მათ შორის, ღვინის ტურიზმით დაინტერესებული სტუმრებიც გვეწვევიან.

შემიძლია გითხრათ, რომ ტურისტების რაოდენობაში აღმოსავლეთის და ჩვენი მეზობელი ქვეყნები  სჭარბობს. გაზრდილია რაოდენობა  ევროპის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან.  იყო ჯგუფები შემოსული და ამ კუთხით კიდევ მიდის სამუშაოები, რომ ხარისხობრივ ჭრილზე გაკეთდეს აქცენტი და  ჩვენს ქვეყანაში მიზნობრივად ეთნიკური ტურისტები მოვიწვიოთ", - აცხადებს კვაჭანტირაძე.

რაც შეეხება ადგილობრივ ტურიზმს, ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, ის ტენდენცია, რაც პანდემიის პერიოდში დაიწყო შენარჩუნებულია და კიდევ უფრო გაზრდილია.

"ევროპის ქვეყნებში ძალიან პოპულარულია ადგილობრივი ტურიზმი, რომ ქვეყნის შიგნით მოხდეს ფინანსების ხარჯვა. ჩვენც რა თქმა უნდა, ხელს ვუწყობთ ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას და პოპულარიზაციას, რადგან ჩვენი კურორტები საწინდარია, რომ კიდევ უფრო წარმოჩენილი იყოს", - აღნიშნა მან.

წყარო: bp.ge