„სააგენტომ საქართველოს ყველა რეგიონში უკვე შეისწავლა 100-ზე მეტი კურორტი და საკურორტო ადგილი. არსებული რესურსების ეფექტიანად ათვისების, წარმატებული და ეკონომიკურად მომგებიანი პროექტების განხორციელებისთვის, უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობა და ჩვენ მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ რეგიონების წარმომადგენლებთან.
ჩვენი საკურორტო პოტენციალის მაქსიმალურად და ეფექტიანად ათვისება ხელს შეუწყობს როგორც რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას,“ - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა ტექნოპარკში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.
სააგენტოს დირექტორმა, ალექსანდრე ონოფრიშვილმა მოწვეულ სტუმრებს, კურორტებისა და საკურორტო ადგილების მოძიებისა და შესწავლის I ფაზის განხორციელების შედეგად შერჩეული კურორტებისა და საკურორტო ადგილების განვითარების კონცეფციების, მომზადებული კვლევებისა და მათი ეფექტიანად განხორციელების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
აღნიშნული პროექტების განხორციელებაში ჩართულმა საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციებმა, წარმოადგინეს ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევები და საინვესტიციო შეთავაზებები გურიის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში შერჩეულ კურორტებსა დ საკურორტო ადგილებზე.
კურორტებისა და საკურორტო ადგილების სწორი დაგეგმვის, განვითარებისა და არსებული გამოწვევების შესწავლის მიზნით კურორტების განვითარების სააგენტომ I ფაზაში შეისწავლა 100-ზე მეტი კურორტი და საკურორტო ადგილი, რომელიც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს მოიცავდა, რის შემდეგაც დაიწყო ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევებისა და საინვესტიციო შეთავაზებების მომზადება. კურორტების განვითარება მაღალპროფესიულ დონეზე მომზადებული სივრცითი დაგეგმვის დოკუმენტებისა და ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევების საფუძველზე ხდება, რაც იძლევა საშუალებას წინასწარ განისაზღვროს ქვეყნისთვის ეკონომიკურად და სოციალურად მომგებიანი და წარმატებული პროექტები და მოხდეს მოსალოდნელი შედეგების სწორი პროგნოზირება.
დღეისათვის დაწყებულია კურორტებისა და საკურორტო ადგილების შესწავლის მე-2 ფაზა, რომელიც მოიცავს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ივლისის №428 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კურორტების ნუსხით განსაზღვრული ყველა კურორტისა და საკურორტო ადგილის შესწავლას.