„ქვეყანაში არიან ჩინური კომპანიები, რომლებიც ბაზრის მონოპოლიზაციას ახდენენ“ - ამის შესახებ საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის პრეზიდენტმა ელზა ბებიამ რადიო „კომერსანტის“ ეთერში კულტურული გიდების მიმართულებით ნულოვანი კვოტირების შესახებ საუბრისას განაცხადა.
როგორც ელზა ბებია ამბობს, ასეთი ჯგუფების წინააღმდეგ კანონით ბრძოლა აუცილებელია.
„კულტურული გიდების მიმართ ნულოვანი კვოტა არ ვიცი გრძელვადიან პერიოდში რა შედეგის მომტანი შეიძლება იყოს, მაგრამ გარკვეულ მომენტში კონკრეტული ჯგუფებისთვის ეს იყო აუცილებელი, მაგალითად, ჩინურენოვანი კომპანიებისთვის. საქართველოში არიან არაქართული კომპანიები, რომლებიც უშუალოდ ჩინეთის ჯგუფებზე მუშაობენ. მათ აქვთ ე.წ დრაკონის პრინციპი, ისინი ახდენენ ბაზრის სრულ მონოპოლიზაციას. მაგალითად, აქვთ თავიანთი სასტუმროები, თავიანთი ტრანსპორტი, თავიანთი რესტორნები, სუვენირების მაღაზიები და თავიანთი გიდებიც. ასეთ შემთხვევაში შემოდის დიდი რაოდენობით ჯგუფი, რომელიც ქვეყანაში არაფერს არ ტოვებს. ასეთი ჯგუფების წინააღმდეგ საჭირო არის ბრძოლა და ამ კანონმა შეიძლება დაავალდებულოს მოცემულ ჯგუფებს თუნდაც ყველაზე მინიმუმ ადგილობრივი გიდი აიყვანონ“, - აცხადებს ელზა ბებია.