საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. აღნიშნულ პერიოდში აეროპორტი 1 216 372 მგზავრს მოემსახურა. 

ამავე ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ( 633 834 მგზავრი) 92%-ით არის გაზრდილი. 

მგზავრთნაკადის გარდა, ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც. 2023 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, შესრულდა 3 615  რეისი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2022 წლის 9 თვე - 2 535 რეისი) 43%-ით მეტია. 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რაოდენობის კუთხით, სტაბილური ზრდაა თვის ჭრილშიც. სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 163 998 მგზავრს მოემსახურა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს 66 %-ით აღემატება. რაც შეეხება ავიარეისებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სექტემბერში 483 რეისს მოემსახურა, რაც 2022 წლის პერიოდთან შედარებით, 15 %-ით მეტია.

2023 წლის 1-ელი ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და რეგულარული რეისებს მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით ასრულებს. 4 ივნისიდან კი ყაზახურმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია FlyArystan-მა ალმატი-ქუთაისი-ალმატის მიმართულება დაამატა.

2023 წლის პირველ დეკემბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz AIr-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.