თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება გულშემატკივრობს აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მის ბრძოლაში „დიფ სთეითთან“ და  საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ევროპის მხრიდან, სამართლიანი დამოკიდებულება და მიდგომა იყოს ჩვენი ქვეყნის მიმართ. 

როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, იმ პროცესებიდან გამომდინარე, რაც დღეს მსოფლიოში ვითარდება, გამჭვირვალობა, ასევე მედიის ევროპული, კერძოდ კი ბრიტანული, სტანდარტებით რეგულირება მნიშვნელოვანია. 

„რაც შეეხება FARA-ს, გამჭვირვალობა პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ვხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში. აღნიშნულ პრობლემაზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, ყველას გვახსოვს, რამხელა შემოტევა და ზეწოლა მოდიოდა ქვეყნის გარედან, ევროპარლამენტარების, ასევე სხვადასხვა თანამდებობის პირების მხრიდან. გვეუბნებოდნენ, თითქოს აღნიშნული კანონპროექტი იყო რუსული, არადა რუსულთან საერთოდ არანაირი კავშირი არ ჰქონდა და ერთადერთი, რასაც ვითხოვდით, ეს იყო გამჭვირვალობა. ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ გაირკვა, რომ ის თანხები, რომლებიც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში მოედინებოდა, ხმარდებოდა რევოლუციურ სცენარებს, პოლარიზაციას, საზოგადოების გახლეჩასა და დაპირისპირებას, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში. ზოგადად, მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც გამოიყენებოდა აღნიშნული ორგანიზაციები ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, გამჭვირვალობა პრინციპულად მნიშვნელოვანია და, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ FARA-ს ანალოგი გადმოვიტანოთ საქართველოში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მედიის რეგულირებას, თბილისის მერი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია იმ გამოცდილების გაზიარება და გადმოტანა, რაც ამ მიმართულებით გააჩნია, მაგალითად, დიდ ბრიტანეთს. 

„გვინდა ბრიტანული მოდელის გადმოტანა საქართველოში და ის სტანდარტები, რაც წლების განმავლობაში დანერგილია, მაგალითისთვის, დიდ ბრიტანეთში, უნდა იყოს გადმოტანილი საქართველოში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება „ამერიკის ხმისთვის“ და რადიო „თავისუფლებისთვის“ დაფინანსების შეწყვეტის შესახებ დასმულ შეკითხვას, დედაქალაქის მერის თქმით, მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა ტრამპმა შეძლოს „დიფ სთეითის“ დამარცხება. 

„ეს პროცესები მიდის, ყველანი ვაკვირდებით და ვხედავთ, თუ რა დამოკიდებულება აქვს აშშ-ის პრეზიდენტს ამ ორგანიზაციების მიმართ, თუმცა ჩვენთვის მაინც  მთავარია ჩვენი ქვეყანა, საქართველოს მომავალი. ჩვენ ვგულშემატკივრობთ პრეზიდენტ ტრამპს, რომ შეძლოს „დიფ სთეითის“ დამარცხება. გვაინტერესებს, თუ როგორი დამოკიდებულება იქნება საქართველოსთან მიმართებაში იმიტომ, რომ კარგად ვიცით, როგორ აქვს გადგმული ფესვები „დიფ სთეითს“ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთან მიმართებაში, როგორც აშშ-ს, ასევე ევროპას ჰქონდეს  სამართლიანი დამოკიდებულება და მიდგომა. როგორც კი დავინახავთ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, როგორც აშშ-დან, ასევე ევროპიდან, რა თქმა უნდა, პირველები ჩვენ ვიქნებით, ვინც ამაზე გააკეთებს განცხადებებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს