სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში შიდა ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 244.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 16.5%-ით მეტია.

ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი 10.4%-ით არის გაზრდილი და 167.9 ლარს უტოლდება.

ქვეყნის ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა ჯამში 1 174 800-ს შეადგენს.

ამავე ცნობით, მათ მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 1 457 000-ით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 5.6%-ით აღემატება.

პირველ კვარტალში ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 621 000-ით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 0.9%-ით ნაკლებია. 

ვიზიტორების 36.5% 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა. ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 53.4%-ს შეადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 32.9% თბილისის მცხოვრებია, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე 17.2% მოდის, ქვემო ქართლზე -10.2%, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.

ვიზიტების უმრავლესობა (49.6%) მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით განხორციელდა.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი თბილისსა და იმერეთში შედგა.