კახეთში მდებარე სასტუმრო Chateau Mere-ს მმართველი პარტნიორი გია პირადაშვილი გასულ წელთან შედარებით რეალური ტურიზმის აღდგენის ნიშნებს წელს უფრო მეტად ხედავს.
როგორც გია პირადაშვილმა „კომერსანტთან“ აღნიშნა, ტურიზმის მხრივ გასული წელი არ იყო კარგი, თუმცა წელს მოლოდინები უკეთესია.
„შარშან იყო ქაოსური ტურიზმი, რეალური ზრდა კი წელს დაიწყო. შარშან შემოსული ხალხი იყო ის ადამიანები რომლებიც ომს გამოექცნენ. მართალია მათ შეავსეს სასტუმროები და იქირავეს სახლები, მაგრამ ეს რაოდენობა თბილისსა და ბათუმზე აისახა, სხვა რეგიონებში, მაგალითად კახეთში სხვანაირად იგრძნობა ტურისტების მატება“, - ამბობს გია პირადაშვილი.
მისი თქმით, ტურიზმის განვითარებაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა, ლოგისტიკა და სხვა ტურიზმთან დაკავშირებული სფეროები.
„ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელია ინფრასტრუქტურა, გზა რომელსაც აგებენ დროულად და ხარისხიანად უნდა გააკეთო. ასევე დისტრიბუციის თემა არის მოსაგვარებელი, განსაკუთრებით რეგიონებში, ყველა პროდუქტი რაც საჭიროა დროულად და ერთიანად რომ მიეწოდოს სასტუმროებს. არც სამრეცხაოები ოპერირებენ და კადრების დეფიციტიც არის, ზოგადად სასტუმრო სექტორში არ გვაქვს განათლება და ამ მხრივ დიდი სამუშაო გვჭირდება.
გარდა ამისა საჭიროა სახელმწიფოს და ბიზნესის ერთობლივი მუშაობა, რომ ესა თუ ის სექტორი განვითარდეს. საჭიროა სპეციალისტების მოწვევა, სწავლა და განვითარება“, - განმარტა გია პირადაშვილი.
2022 წელს საქართველოში 4 703 945 საერთაშორისო ვიზიტი შესრულდა, რაც პანდემიამდე 2019 წლის ვიზიტების მაჩვენებელს 39.1%-ით ჩამორჩებოდა. 2023 წლის პირველ კვარტალში კი საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობამ 873.3 ათასს მიაღწია, რაც 2-ჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.