ბიზნესის ხელშეუხებლობა, რომელიც მთავრობის ლოზუნგი იყო დღევანდელ დღემდე შენარჩუნდა. მგონი არცერთ ბიზნესმენს, არცერთ არხზე არ უთქვამს, რომ ბიზნესში ვინმე შეავიწროვეს, ან რომელიმე ბიზნესი სხვა ძალოვან ჯგუფზე უსამართლოდ გადანაწილდა - ამის შესახებ სასტუმრო „ვინოტელის“ მფლობელმა ბენო ქაშაკაშვილმა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში განაცხადა.
„ინვესტორი რომ არსებობს საქართველოში და ის ციფრები, რაც მოგვყავს მხოლოდ ამის გამოა. სხვანაირად ჩვენი ეკონომიკა იმდენად პატარაა, რომ ინვესტორისთვის მიმზიდველი არ ვართ, თუ არ ჩავთვლით, მეგა პროექტებს, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მაგისტრალზე განხორციელდა, ასევე პორტის მშენებლობას, რომელიც იგეგმება. თუმცა, პრაქტიკულად ასეთი მშენებლობები არ არის ბევრი და ვერც იქნება ჩვენი ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე. ქვეყანაში არსებულმა ბიზნესგარემოს ხელშეუხებლობამ განსაზღვრა ინვესტორის შემოსვლა“,- ამბობს ბენო ქაშაკაშვილი.
მისივე თქმით, პატარა სასტუმროებს სახელმწიფოს ხელშეწყობა სჭირდებათ, რადგან ნებისმიერი კრიზისი დიდი ბრენდებისთვის ბევრად მარტივი გადასატანია, ვიდრე შედარებით პატარა ბიზნესებისთვის.
„ვისურვებდი, რომ ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა იყოს. ეს ჩემისთანა მეწარმეებს გარანტიას მისცემს, რომ ვიარსებოთ და ჩვენი საქმე განვავითაროთ “,- აცხადებს ბენო ქაშაკაშვილი, სასტუმრო „ვინოტელის“ მფლობელი.