ქვეყანაში შექმნილი ვითარება ტურიზმის სექტორ დააზარალებს. ,,კომერსანტთან’’ საუბარში ტურიზმის ექსპერტი ვანო ვაშაყმაძე განმარტავს, რომ ეს სექტორი ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან უცხოური ვალუტის დიდი ნაწილი საქართველოში სწორედ ტურიზმიდან შემოდის. მისი თქვით, პოლიტიკური არასტაბილურობა და ქვეყნის კურსი მაღლმხარჯველიანი ვიზიტორების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესს შეამცირებს, რადგან ამ კატეგორიის ტურისტები ისეთ ქვეყნებს სტუმრობენ, სადაც მშვიდი გარემო და მაღალი ხარისხის სერვისია. 

,,ტურიზმს ჩვენს ეკონომიკაში ყველაზე მეტი უცხოური ვალუტა შემოაქვს. საერთაშორისო ტურიზმი ეს არის სერვისის ექსპორტი, რისი მყიდველიც პირველ რიგში არიან უცხოელი მოქალაქეები. ჩვენი ტრადიციული ორიენტაცია არის იმ ბაზრებზე, რომელიც მაღალხარისხიანი ტურიზმით არის დაინტერესებული და ეს გულისხმობს ევროპას, დასავლეთ ევროპას, ამერიკას და არამხოლოდ, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი წლების განმავლობაში ეს იყო. მით უმეტეს, როცა ვსაუბრობთ ხარისხიან შეთავაზებაზე მოგზაურობის დროს, პოლიტიკური არასტაბილურობა და პოლიტიკური მიმართულება ამას არა თუ ხელს არ უწყობს, არამედ აჩერებს მთლიანად ამ ნაკადებს. სამყარო დიდია. არსებობს ცენტრალური აზია, არაბეთის ქვეყნები, საიდანაც ნაკადები შემოდის საქართველოში. ეს ნაკადები დარჩება. თუმცა იქაც მაღალი ხარისხის შეთავაზება იქნება დიდი დარტყმის ქვეშ. გინდათ სავაჭრო ტურიზმი, სხვა ბიზნესთან დაკავშირებული გადაადგილებები ამ ქვეყნებთან დარჩება. ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა ხელშემწყობია, მაგრამ ის რაც თბილისში ხდება დასავლეთ ევროპელისთვის არ არის საინტერესო, ამიტომ აქედან ნაკადები შემცირდება. ჩვენ ვსაუბრობთ მაღალხარჯვისუნარიან ვიზიტორზე. მას აინტერესებს იმოგზაუროს ისეთ ქვეყანაში, სადაც არის მშვიდი გარემო და საინტერესო შეთავაზებები. ტურიზმს თუ განვმარტავთ ასე და სამიზნე სეგმენტს მივიჩნევთ მაღალი ხარისხის ვიზიტორს, მხარჯველუნარიანს, იმოქმედებს ყველა ქვეყნის ტურისტზე ევროპელზეც და ჩინელზეც.’’- აცხადებს ვანო ვაშაყმაძე.

ტურიზმის ექსპერტი აცხადებს, რომ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს მოკლევადიან პერიოდში სექტორზე გავლენა ექნება და ამას პირველ რიგში სასტუმროები იგრძნობენ, რადგან ჯავშნები შემცირდება. გრძელვადიან პერსპექტივაში კი სექტორი მნიშვნელოვან შედეგებს 3-4 თვეში იგრძნობს, როდესაც ტურისტული სეზონისთვის მზადება გააქტიურდება.

,,ის ყველაფერი, რაც საქართველოში ხდება ძალიან ცუდად იმოქმედებს. ეს გამოჩნდება რამდენიმე თვეში. მოკლევადიანი ეფექტი შემოსავლების მიმართულებით უკვე დადგება, რამდენიმე დღეში, როცა სასტუმროებს დაკვეთების რაოდენობა დააკლდებათ. ხანგრძლივ პერსპექტივაში ეს გამოჩნდება 3-4 თვეში, როცა გაზაფხულზე ტურისტული სეზონი იწყებს მზადებას. ამას იგრძნობენ შემომყვანი და გადამზიდი ოპერატორები. ეკონომიკა და პოლიტიკა ორივე ცხოვრების ნაწილია და რა თქმა უნდა, ეკონომიკაზე აისახება. უკვე აისახა ის რაც მოხდა.’’- აცხადებს ვანო ვაშაყმაძე.