m&i-ის გლობალური ფორუმის მონაწილეებისთვის საქართველოს რეგიონებში ინფოტური ჩატარდა. ამის შსახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ფორუმის მონაწილე 60-მდე საერთაშორისო გაყიდვების კომპანიის წარმომადგენელი თბილისს, უფლისციხეს, ბორჯომს, მცხეთას, წინანდალს, ყვარელსა და ლოპოტას ეწვია. ტურის მონაწილეებმა სამცხე-ჯავახეთში ჯომარდობაში მიიღეს მონაწილეობა, კახეთში კი მარნებს ესტუმრნენ, სადაც ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

საქმიანი ტურიზმის სფეროში ევროპის უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლებმა, ტურის განმავლობაში,  საქართველოში მსხვილი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, ტურისტული ინფრასტრუქტურის ინსპექტირება ჩაატარეს.

„საქართველოში მეორედ ვარ, ძალიან მომწონს თქვენი ქვეყანა, ქართველები და ფრანგები ბევრ რამეში ერთმანეთს ჰგვანან. ქართველები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია, ეს არის ქვეყანა ღვინის ისტორიით, ძველი ქალაქებით, ტრადიციებით. საქართველო უსაფრთხო და მწვანე ქვეყანაა, რომელსაც ბევრი რამ შეუძლია შესთავაზოს როგორც ფრანგებს, ასევე დანარჩენ ევროპელებს. საქმიანი ტურიზმი ტურისტული აქტივობის გაგრძელებაა, პირველ მოგზაურობას მოჰყვება ჯგუფური ტურები, საქმიანი შეხვედრები, ეს არის ბიზნესი, რომელიც დაკავშირებულია სასტუმრო ქსელებთან, კვების ობიექტებთან, ავიაციასთან, რომელიც თქვენს ქვეყანაში ვითარდება“, - აცხადებს ფორუმის მონაწილე დანიელ ვერსაჩე.

„ძალიან მომეწონა თბილისი, როგორც ძველი ასევე თანამედროვე არქიტექტურა, დღეს ქალაქგარეთ ვართ, სადაც ძალიან კარგი ღვინო გავსინჯეთ, დავაგემოვნეთ ქართული კერძები. ძალიან მომწონს თქვენი ქვეყანა“, - ამბობს ფორუმის მონაწილე მანუელა ჯორდანო.