ტურიზმის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2023 წლის ზაფხული ევროპის ისტორიაში ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული იქნება.
Travel Off Path-ის პროგნოზის მიხედვით, ევროპის ყველაზე პოპულარულ ქალაქებში ვიზიტორების სიმრავლე და მაღალი ფასებია მოსალოდნელი. სააგენტო მოგზაურების მსურველებს ურჩევს ნაკლებად ხალხმრავალ ადგილებში დაისვენონ და მათ ევროპული დედაქალაქების ალტერნატივებს სთავაზობს.
2023 წლის ზაფხულის დასვენება შეგიძლიათ შემდეგ ქალაქებში დაგეგმოთ:
1. ოქსფორდი, როგორც ლონდონის ალტერნატივა. თუ თქვენ ინგლისში უფრო მოკრძალებულ ადგილს ეძებთ, რომელიც ლონდონთან ახლოსაა, ოქსფორდი შესანიშნავი არჩევანია. ეს ისტორიული საუნივერსიტეტო ქალაქი მატარებლით ლონდონიდან მხოლოდ 50 წუთის სავალზეა.
2. ლიონი პარიზის ალტერნატივაა. როგორც სიდიდით მესამე ქალაქი საფრანგეთში, ლიონი ძალიან ჰგავს პარიზს, თუმცა აქ მაღალი ფასები და ხალხმრავლობა არ არის. პარიზიდან მატარებლით 2,5 საათის სავალზე მდებარე 2000 წელზე მეტი ისტორიის მქონე ქალაქს ტურისტებისთვის, რა თქმა უნდა, ბევრი რამ აქვს საინტერესო.
3. კორკი დუბლინის ალტერნატივაა. ეს არის სიდიდით მეორე ქალაქი ირლანდიაში დუბლინის შემდეგ და ცნობილია როგორც ქვეყნის გასტრონომიული დედაქალაქი. კორკი ასევე შესანიშნავი ბაზაა სამხრეთ ირლანდიის შესასწავლად.
4. ნეაპოლი რომის ალტერნატივაა. რომიდან მატარებლით 1,5 საათზე ნაკლებ სავალზე მდებარე ნეაპოლს შეუძლია, საოცარი არქიტექტურის გარდა, ტურისტებს შესთავაზოს ის, რაც დედაქალაქს არ აქვს - ცხელ დღეებში ზღვის სანაპიროზე დასვენების შესაძლებლობა.
5. ოსლო რეიკიავიკის ალტერნატივაა. ოსლო განთქმულია თვალწარმტაცი პეიზაჟებით. თუმცა, თუ გსურთ თავიდან აიცილოთ ისლანდიის ხალხმრავლობა, უმჯობესია ნორვეგიაში წახვიდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ისლანდია და ნორვეგია ფასებით მსგავსი ქვეყნებია (ორივე საკმაოდ ძვირია), ნორვეგია ზაფხულში გაცილებით ნაკლებად ხალხმრავალია.