ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ტურისტულ მარშრუტს ორი ახალი ლოკაცია დაემატა. აღნიშნული სიახლის ფარგლებში, ამიერკავკასიის უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის ისტორიას დამთვალიერებელი  მოკლემეტრაჟიანი მხატვრულ-დოკუმენტური და ანიმაციური ფილმებით საგანგებოდ მოწყობილ სივრცეში გაეცნობა. ტურისტული მარშრუტის სიახლეა 315-ე გვირაბში მოწყობილი ინსტალაციებიც, რომლებიც ვიზიტორებს ტურისტულ-ინდუსტრიული ძეგლის შესახებ შთამბეჭდავ ვიზუალურ ინფორმაციას აწვდის.

აღნიშნული სიახლეები და დაგეგმილი ინიციატივები შპს „ენგური ატრაქციის" დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ  „ენგურჰესის" ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს გააცნო.

„ენგურჰესის მნიშვნელობა ენერგეტიკაში გასაგებია, თუმცა ახლა სხვა პოტენციალს ვითვისებთ. ტურისტულად ეს ობიექტი ძალიან მიმზიდველია და ამავდროულად, არის ძალიან კარგი საშუალება ადამიანების დაახლოებისა და ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის. შეიძლება დღეს კარგად არ ჩანს, მაგრამ მომავალში ენგურჰესი საქართველოს სავიზიტო ბარათი იქნება. ვფიქრობ, 2-3 წელიწადში ამ კუთხით მაქსიმუმს მივაღწევთ. ბევრი საქმეა გასაკეთებელი, ბევრი ინფრასტრუქტურა მოსაწყობია, თუმცა გვაქვს გარკვეული, ნათლად ჩამოყალიბებული გეგმა, რომლის შესრულების შემდეგაც ტურისტების ძალიან დიდ ნაკადს ველოდებით,“- განაცხადა „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ.

„ენგურჰესის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ადეიშვილის თქმით, ხვალ და ზეგ ჩვენი ენგურჰესი მხოლოდ ენერგეტიკის ფლაგმანი და ქართული ინდუსტრიის საძირკველი კი არა, ტურიზმის ძალიან სერიოზული აქტორი გახდება

„ეს არის გარკვეული პროლოგი იმ დიდი ისტორიისა, რომელსაც ენგურჰესის, როგორც საქართველოში ინდუსტრიული ტურიზმის პიონერისა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული კერის ჩამოყალიბება ჰქვია. ყველაფერი, რაც გაკეთებულია და ის გეგმები თუ პროექტები, რომლებიც არსებობს, იძლევა ძალიან საფუძვლიანი ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ხვალ და ზეგ ჩვენი ენგურჰესი მხოლოდ ენერგეტიკის ფლაგმანი და ქართული ინდუსტრიის საძირკველი კი არა, ტურიზმის ძალიან სერიოზული აქტორი გახდება. თუ ყოველ მესამე ნათურას ჩვენ ვანთებთ და ყოველი მესამე კილოვატი ჩვენია, ალბათ საქართველოში ჩამოსული ყოველი მესამე ტურისტი ჩვენი ვიზიტორი გახდება,“-  განაცხადა „ენგურჰესის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა ადეიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ თაღოვან კაშხალზე ტურისტული მარშრუტის დაგეგმვა-განხორციელებას კურირებს შპს "ენგური ატრაქცია", რომელიც რამდენიმე თვის წინ შპს "ენგურჰესის" შვილობილი კომპანია გახდა.