„2025 წელს ტურისტების რაოდენობა წინა წლის მაჩვენებელს გადააჭარბებს და ჯამურად 5.3 მილიონი საერთაშორისო ტურისტის შემოსვლას ველოდებით“,- ამის შესახებ Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა, თათია მამრიკიშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ტურიზმის სექტორი პანდემიამდელ მაჩვენებლებს ყველაზე სწრაფად დაუბრუნდა, რაც ძირითადად ახალი ბაზრებიდან დაინტერესების ზრდითაა განპირობებული. კერძოდ, საქართველოს პოპულარულობა ჩინელ, ინდოელ და ისრაელელ დამსვენებლებში იზრდება.

შედარებით ნაკლებია ზრდა ერთდღიან ვიზიტებში, რომლის წილმაც 2024 წელს 1,4 მილიონი შეადგინა, რაც ძირითადად აზერბაიჯანში, სახმელეთო გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება.

„2024 წელს ჯამურად საქართველოში 6,5 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, ეს რიცხვი მოიცავს როგორც ერთდღიან ვიზიტებს, ისე ტურისტების რაოდენობას. ტურისტების თვალსაზრისით, რაოდენობამ 5.1 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 9%-იანი ზრდაა.

2024 წელს ტურისტების რაოდენობა სრულად აღდგა და პანდემიანდელ მაჩვენებლებს დაუბრუნდა.

2024 წელს ქვეყანამ ტურიზმის სფეროდან $4,4 მილიარდი, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 7%-იანი ზრდაა და აღდგენის თვალსაზრისით, შემოსავლებში ყველაზე კარგი დინამიკა სწორედ ამ მაჩვენებელს ჰქონდა- ჯერ კიდევ 2022 წლიდან დაუბრუნდა პანდემიანდელ მაჩვენებელს.

ჩვენი მოლოდინია, რომ 2025 წელს ტურისტების რაოდენობა გადააჭარბებს წინა წლის მაჩვენებელს და ჯამურად 5.3 მილიონი საერთაშორისო ტურისტის შემოსვლას ველოდებით. 2024 წელს საერთაშორისო ტურისტების ნაკადების აღდგენა ძირითადად ახალი ბაზრებიდან  მოხდა: ჩინეთი, ინდოეთი, ისრაელი, საუდის არაბეთი და სხვა. ასევე მზარდი იყო დაინტერესება ცენტრალური აზიიდან, მაგალითად ყაზახეთიდან.

ეს იმით არის განპირობებული, რომ აზიელი ტურისტები შედარებით უფრო ტოლერანტულები არიან, ვიდრე დასავლელი ტურისტები. ჩვენი შეფასებით, მინიმუმ 7.5%-იანი საშუალო ზრდაა თბილისში საჭირო,  რათა დღეს არსებული დატვირთულობა შენარჩუნდეს. ვგულისხმობ იმ დაშვებას, რომ საშუალო დარჩენის ხანგრძლივობა სტაბილურად შენარჩუნდება.

დღეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ტურისტული ნაკადების ზრდა სწრაფი ტემპით არის საჭირო, რომ დაგეგმილი პროექტები სასტუმროებმა შეინარჩუნონ და პანდემიანდელ მაჩვენებლებს დაუბრუნდნენ.

აღსანიშნავია, რომ აზიელი ტურისტების მოგზაურობის ძირითადი ინსპირაცია სოციალური ქსელები და ინტერნეტია, რაც ცალკეულ ტურისტულ ობიექტებს საშუალებას აძლევს სოციალური მედიამარკეტინგი გააქტიურონ“,- აღნიშნა თათია მამრიკიშვილმა გადაცემაში - „პროფესიონალები“.