ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის, ByteDance-ის დამფუძნებელი ჭანგ იიმინგი ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი გახდა. ამერიკული Forbes-ის მონაცემებით, იიმინგის ქონება $65.5 მილიარდად ფასდება, რის შედეგადაც ის რეიტინგის მეორე ადგილზე მყოფ Nongfu Spring-ის დამფუძნებელ ჭონგ შანშანს ($54.1 მილიარდი) $10 მილიარდზე მეტით უსწრებს.
ByteDance-ი პოპულარული პლატფორმის, TikTok-ის მშობელი კომპანიაა. რაც შეეხება ჭანგს, მილიარდერმა ByteDance-ი 2012 წელს, პეკინში დააარსა. თუმცა 2021 წლის ნოემბერში, ჩინეთის მთავრობის ზეწოლის გავლენით, ჯერ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციის, შემდგომ კი თავმჯდომარეობის დატოვებაც მოუხდა.
ცნობისთვის, Forbes-ის მიერ გასული წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ ჩინეთის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში, ByteDance-ის დამფუძნებელი $45.6 მილიარდით მხოლოდ მესამე პოზიციას იკავებდა და ჭონგ შანშანსა და Tencent Holdings-ის მა ჰუატენგს ჩამორჩებოდა.
მარტის დასაწყისში, Forbes-ი წერდა, რომ ჭანგის ქონების ზრდა ინვესტორების მხრიდან AI-ის მიმართულებით გაზრდილ ინტერესს უკავშირდებოდა. ჩინური კომპანიის მიერ გაშვებული ჩატბოტი Doubao, ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობით, მსოფლიოში მეორე ყველაზე პოპულარული AI-ჩატბოტი გახდა. მხოლოდ თებერვალში, ByteDance-ის უფასო პროდუქტს 82 მილიონი აქტიური ყოველთვიური მომხმარებელი ჰყავდა.
აქციების გამოსყიდვის ბოლო რაუნდის გათვალისწინებით, ამერიკული გამოცემა TikTok-ის მშობელი კომპანიის ღირებულებას $312 მილიარდად აფასებს. ეს მაჩვენებელი 40%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით, როდესაც კერძო ბაზრის ინვესტორებს ByteDance-ის აქციებს შეძენა კომპანიის $217-მილიარდიანი ღირებულებით სურდათ.
წყარო: forbs.ge