სტრიმინგის მუსიკალურმა პლატფორმამ Spotify-მ წაშალა ათიათასობით სიმღერა სტარტაპ Boomy-დან, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ტრეკების ატვირთვის საშუალებას იძლევა. ამის შესახებ Financial Times წერს.
თავდაპირველად სააგენტოს წყარომ შეატყობინა, რომ Spotify-მა ცოტა ხნის წინ წაშალა Boomy-ის მიერ ატვირთული ტრეკების დაახლოებით 7%, რაც "ათობით ათასი" სიმღერის ტოლფასია. კომპანია ეჭვობდა, რომ სიმღერებს იყენებდნენ „ხელოვნური სტრიმინგისთვის“, რაც იმას ნიშნავს, რომ სტრიმინგს ხელოვნურად აძლიერებენ ონლაინ ბოტების მეშვეობით, რომლებიც თავს წარმოაჩენდნენ, როგორც ადამიანი-მსმენელები.
ხელოვნურმა ინტელექტმა გააადვილა „ხელოვნური სტრიმინგი“, რადგან ის საშუალებას იძლევა მყისიერად შეიქმნას დიდი რაოდენობით მუსიკალური ტრეკები, რომლებიც შემდეგ შეიძლება აიტვირთოს ინტერნეტში და გავრცელდეს.
სტარტაპი Boomy, რომელიც ორი წლის წინ იქნა ჩაშვებული, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს აირჩიონ სხვადასხვა სტილი ავტომატურად გენერირებადი AI ტრეკის შესაქმნელად. შემდეგ მომხმარებლებს შეუძლიათ ატვირთონ გენერირებული მუსიკა სტრიმინგ სერვისებში და მიიღონ მათგან ჰონორარი. Boomy ირწმუნება, რომ მომხმარებლებმა შექმნეს 14 მილიონზე მეტი სიმღერა.
Spotify-მა მოგვიანებით დაადასტურა, რომ წაშალა Boomy-ის კონტენტის ნაწილი. „ხელოვნური სტრიმინგი არის დიდი ხნის პრობლემა ინდუსტრიის მასშტაბით, რომელსაც Spotify ცდილობს გადაჭრას,“ - აცხადებენ კომპანიაში.
ბოლო თვეების განმავლობაში მუსიკალური ინდუსტრიის გამოწვევად იქცა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი სიმღერების რაოდენობის ზრდა და ტრეკების რაოდენობის რომლებიც ყოველდღიურად ავსებენ სტრიმინგ პლატფორმებს.