საქართველო 2026 წლის გლობალური ინოვაციების ინდექსში (GII) 139 ქვეყანას შორის 57-ე ადგილს იკავებს. ქვეყანამ 32.2 ქულა მიიღო, ნათქვამია მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის (WIPO) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

რეგიონის ქვეყნებიდან საქართველო თურქეთს ჩამორჩება, რომელიც 37.5 ქულით 45-ე ადგილზეა, თუმცა უსწრებს რუსეთს (31.8 ქულა, 58-ე ადგილი), სომხეთს (31.6 ქულა, 59-ე ადგილი) და აზერბაიჯანს (25.8 ქულა, 85-ე ადგილი).

GII 80 ინდიკატორს ეფუძნება და ქვეყნების ინოვაციურ შესაძლებლობებსა და მიღებულ შედეგებს აფასებს. ინდექსი, მათ შორის, მეცნიერებას, განათლებას, ინფრასტრუქტურას, ბიზნესსა და ბაზრის განვითარებას მოიცავს.

2026 წლის რეიტინგში პირველ ადგილზე შვეიცარიაა 66.7 ქულით, შემდეგ მოდიან შვედეთი, აშშ, სამხრეთ კორეა და სინგაპური.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან საუკეთესო შედეგი ესტონეთს აქვს — მე-17 ადგილი. ლიეტუვა 32-ე, ლატვია კი 40-ე ადგილზეა.