უახლოეს დღეებში დედამიწაზე თითქმის ნახევარი ტონა წონის საბჭოთა პლანეტათაშორისი კოსმოსური აპარატი ჩამოვარდება. ეს არის Cosmos-482 სადგურის სადესანტო მოდული, რომელიც 1972 წელს ვენერაზე გაუშვეს, მაგრამ დედამიწის ორბიტაზე დარჩა. ჯერჯერობით ზუსტად არ არის ცნობილი, როდის დაეცემა ის პლანეტის ზედაპირზე, თუმცა ეს დაახლოებით მაისის პირველ ნახევარში მოხდება. უფრო მეტიც, ერთ-ერთი ექსპერტის თქმით, არსებობს რისკი, რომ ის საცხოვრებელ უბნებს მოხვდეს.

Cosmos-482 ბაიკონურის კოსმოდრომიდან 1972 წლის 31 მარტის დილით ადრე გაუშვეს. ის სხვა სადგურის სარეზერვო ასლი იყო და ორივე მათგანი Venera-8 პროგრამის ფარგლებში გაუშვეს. ორივე მოწყობილობა სრულიად იდენტური იყო აღჭურვილობისა და მახასიათებლების თვალსაზრისით. ოთხი დღით ადრე გაშვებული Cosmos-482 დანიშნულების ადგილამდე გაემგზავრა და პლანეტის შესწავლის პროგრამა სრულად დაასრულა, ხოლო მისმა სარეზერვო ასლმა ავარია განიცადა და დედამიწის ორბიტაზე დარჩა.

ექსპერტების შეფასებით, Cosmos-284 უკონტროლოდ დაეცემა და, რაც განსაკუთრებით საშიშია, დიდი ალბათობით, სრულად არ დაიშლება და არც ატმოსფეროში დაიწვება, საქმე იმაშია, რომ სადესანტო მოდული ვენერას ზედაპირზე დასაშვებად იყო შექმნილი. ამ პლანეტას უფრო სქელი ატმოსფერო და უფრო მაღალი ტემპერატურა აქვს, ამიტომ სადგური შექმნილია უფრო მკაცრი დაშვების პირობების გასაძლებად.

როგორც bbc-ის რუსულ რედაქციასთან საუბარში ექსპერტი გიორგი ტრიშკინი აცხადებს, ორბიტალურ პარამეტრებზე დაფუძნებული გამოთვლები მიუთითებს, რომ ნამსხვრევების ჩამოვარდნის არეალი თითქმის მთლიანად ხმელეთზეა, უფრო ზუსტად, ეგვიპტის, სირიის, თურქეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს, ამიტომ არსებობს რისკი, რომ ის საცხოვრებელ უბნებს მოხვდეს.

"თუ ვივარაუდებთ, რომ მოწყობილობა სრულად გადარჩება და მიწას 242 კმ/სთ გაანგარიშებული სიჩქარით დაეჯახება, მაშინ დარტყმის ენერგია დაახლოებით 1.1-1.2 მჯ იქნება, რაც შეიძლება რამდენიმე ასეული გრამი ტროტილის აფეთქების ეკვივალენტური იყოს", - აღნიშნა ტრიშკინმა.

სხვადასხვა შეფასებით, Cosmos-482-ის დაცემა 8-დან 14 მაისამდე პერიოდში მოხდება.

წყარო: mtavari.tv