2025 წლის აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 96-ჯერ გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემებით, წელს აგვისტოში საქართველომ 4.725 მლნ დოლარის ღირებულების დენი იყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 48.4 ათასი დოლარის.
რაც შეეხება ელექტროენერგიის იმპორტიორ ქვეყნებს, 2025 წლის აგვისტოში ყველაზე დიდი რაოდენობით დენი რუსეთში ვიყიდეთ - 2.818 მლნ დოლარის ღირებულების, მეორე ადგილზეა სომხეთი - 1.244 მლნ დოლარით, მესამეზე კი აზერბაიჯანი, საიდანაც 663.2 ათასი დოლარის ღირებულების ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა. შესაბამისად, გამოდის, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში ელექტროენერგიის იმპორტში თითქმის 60% რუსულ დენზე მოდიოდა.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, თითქმის 5-ჯერ შემცირდა ადგილობრივი ექსპორტი. კერძოდ, წელს აგვისტოში ქვეყანამ დენის ექსპორტიდან 651.9 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 3.081 მლნ დოლარის.
საქსტატის მონაცემებით, ქართული დენი აგვისტოში მხოლოდ აზერბაიჯანში გავიდა.