ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ევროპაში პირველი უპილოტო ტაქსის სერვისი ამოქმედდა. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ტესტირება ან საჩვენებელი მგზავრობა, რობოტაქსის გამოძახება შესაძლებელია აპლიკაციით, ჩვეულებრივი ტაქსის მსგავსად. მომხმარებელი ირჩევს მარშრუტს, იხდის მგზავრობის საფასურს და მანქანა დანიშნულების ადგილამდე მიჰყავს.

სერვისი ხორვატიულმა კომპანია Verne-მ გაუშვა. ამ ეტაპზე მანქანები ზაგრების მხოლოდ შეზღუდულ ზონაში მოძრაობენ, რომელიც მოიცავს ქალაქის ცენტრს, რამდენიმე ახალ რაიონს და აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიას. მგზავრებისთვის უკვე ხელმისაწვდომია ჩასხდომისა და გადმოსვლის 500-ზე მეტი წერტილი.

სერვისი ჯერ ეტაპობრივად იხსნება. Verne აპლიკაციაზე წვდომას პირველ მომხმარებლებს ნელ-ნელა აძლევს და ჯერ არ აზუსტებს, როდის გახდება роботაქსების გამოძახება ყველასთვის ხელმისაწვდომი. კომპანია ამბობს, რომ ეტაპობრივი გაშვების მიზეზი უსაფრთხოება და პროექტის მცირე საწყისი მასშტაბია.

ამ ეტაპზე ნებისმიერი მგზავრობა, მანძილის მიუხედავად, 1.99 ევრო ღირს. ასეთი ფასით კომპანია მომხმარებლების მოზიდვას და მეტი უკუკავშირის მიღებას ცდილობს. ინტერესიც მაღალია: მოლოდინის სიაში დაახლოებით 4000 ადამიანია, ხოლო ამ დროისთვის უპილოტო ტაქსით სარგებლობა მხოლოდ 300 მგზავრს შეუძლია.

ზაგრების ქუჩებში ამჟამად ავტოპილოტით აღჭურვილი მხოლოდ 10 ტაქსი მოძრაობს. ავტომობილი მარშრუტს თავად ადგენს, ქალაქში გადაადგილებაში კი მას კამერები და რადარები ეხმარება.

მგზავრისთვის პროცესი თითქმის ჩვეულებრივი ტაქსით მგზავრობას ჰგავს, თუმცა საჭესთან მძღოლი არ ზის. როდესაც მანქანა მიდის, მგზავრმა ის აპლიკაციაში მითითებული ნომრით უნდა იპოვოს და გააღოს. ჩაჯდომა მხოლოდ უკანა სავარძელზეა შესაძლებელი. მგზავრობის დასაწყებად საჭიროა კარების დახურვა, უსაფრთხოების ღვედის შეკვრა და სალონში განთავსებულ პატარა ეკრანზე სტარტის ღილაკზე დაჭერა.

მიუხედავად იმისა, რომ მანქანას ავტოპილოტი მართავს, ამ ეტაპზე ის სრულად ადამიანების გარეშე არ მოძრაობს. სალონში იმყოფებიან სპეციალურად მომზადებული ოპერატორები. ისინი ავტომობილს ჩვეულებრივი ტაქსის მძღოლებივით არ მართავენ, თუმცა აკვირდებიან მგზავრობას და საჭიროების შემთხვევაში ჩარევა შეუძლიათ. ოპერატორები მოძრაობას იქამდე გააკონტროლებენ, სანამ კომპანია სრულად დამოუკიდებელი მგზავრობის ნებართვას მიიღებს.

უპილოტო ტაქსების შემქმნელები მიიჩნევენ, რომ ასეთი სერვისი მგზავრობას უფრო პროგნოზირებადსა და ხელმისაწვდომს გახდის. მათი არგუმენტით, მანქანა არ იღლება, არ ცვლის მარშრუტს პირადი სურვილით და ყოველთვის ერთნაირად მოქმედებს. სისტემა ვალდებულია დაიცვას მოძრაობის წესები, დაიკავოს უსაფრთხო დისტანცია და გზაზე არსებულ ვითარებაზე სწრაფად რეაგირება მოახდინოს.

პირველმა მგზავრებმა სერვისი მაღალი ქულებით შეაფასეს. Verne-ის ცნობით, მომხმარებლების 90%-მა მომსახურებას ოთხი ან ხუთი ვარსკვლავი დაუწერა. კომპანია ასევე ამბობს, რომ ათიათასობით კილომეტრის გავლის შემდეგ არცერთი ავარია არ დაფიქსირებულა.

Verne გეგმავს, ზაგრებში უპილოტო ტაქსების მოქმედების ზონა ეტაპობრივად გააფართოოს და წლის ბოლომდე ავტოპარკი რამდენიმე ათეულ მანქანამდე გაზარდოს.

ამ დროისთვის მსოფლიოში მხოლოდ სამი ქვეყანაა, სადაც კომერციული უპილოტო ტაქსები სრულად ავტონომიურ რეჟიმში მუშაობს, ანუ მანქანაში არც მძღოლია და არც ოპერატორი, ხოლო მომსახურების გამოძახება ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის მობილური აპლიკაციითაა შესაძლებელი. ეს ქვეყნებია აშშ, ჩინეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.