ესპანეთში ამოქმედდა მსხვილი ენერგეტიკული დანადგარი, რომელიც სუფთა წყალბადზე მუშაობს და მან ელექტროენერგია უკვე მიაწოდა ქვეყნის ეროვნულ ქსელს. გამოცდა ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ ბერმეოში ჩატარდა.
პროექტის შემქმნელები აცხადებენ, რომ ეს მსოფლიოში პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ მასშტაბის დანადგარი არა წყალბადისა და სხვა საწვავის ნარევზე, არამედ 100%-იან წყალბადზე მუშაობს. აქამდე მსგავსი სისტემები ხშირად იქმნებოდა როგორც „წყალბადისთვის მზად“ ტექნოლოგიები, ანუ მომავალში წყალბადზე გადასვლის შესაძლებლობით, თუმცა სრულად ამ საწვავზე არ მუშაობდა.
ტექნოლოგიის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ წყალბადზე მუშაობისას დანადგარი ატმოსფეროში ნახშირორჟანგს არ გამოყოფს. ამასთან, მას შეუძლია სწრაფად ჩაირთოს და ელექტროენერგია სწორედ მაშინ მიაწოდოს ქსელს, როცა დამატებითი სიმძლავრეა საჭირო.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ესპანეთისთვის. 2024 წელს ქვეყანამ ელექტროენერგიის 56.8% უკვე განახლებადი წყაროებიდან მიიღო. თუმცა რაც უფრო იზრდება მზისა და ქარის ენერგიის წილი, მით უფრო აქტუალური ხდება კითხვა, როგორ უნდა ჩანაცვლდეს ეს ენერგია იმ საათებში, როდესაც ამინდი მის გამომუშავებას ხელს არ უწყობს.
ახალი დანადგარის იდეა ასეთია: განახლებადი წყაროებიდან მიღებული ჭარბი ენერგია გამოიყენონ წყალბადის წარმოებისთვის, შემდეგ კი, საჭიროების დროს, ეს წყალბადი ისევ ელექტროენერგიად გადააქციონ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მრეწველობისთვის, მონაცემთა ცენტრებისთვის და სხვა ობიექტებისთვის, რომლებსაც ენერგიის სტაბილური მიწოდება სჭირდებათ.
ამ ეტაპზე საუბარია საცდელ პროექტზე და არა ასეთი დანადგარების მასობრივ ამოქმედებაზე. წყალბადის ფართოდ გამოსაყენებლად საჭიროა მისი წარმოების, შენახვისა და ტრანსპორტირების ახალი ინფრასტრუქტურა. თუმცა ესპანეთი ასეთი ტესტისთვის ხელსაყრელ ქვეყნად იქცა, რადგან აქტიურად ავითარებს განახლებად ენერგეტიკას და ცდილობს წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებას.
2030 წლისთვის ევროკავშირში ყოველწლიურად 40 გიგავატი წყალბადის ენერგიის წარმოება იგეგმება. ეს საკმარისი იქნება ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობის დაახლოებით 20%-ის ენერგიით უზრუნველსაყოფად.