ავტომობილის არჩევისას მხოლოდ შეძენის ფასი საკმარისი აღარ არის. მძღოლისთვის საბოლოო ხარჯს განსაზღვრავს არა მხოლოდ ის, რამდენს გადაიხდის მანქანის ყიდვისას, არამედ რამდენი დაუჯდება მისი ყოველდღიური გამოყენება, სერვისი, საწვავი ან დამუხტვა და რამდენად შეინარჩუნებს ავტომობილი ღირებულებას წლების შემდეგ.
ამ თემაზე ჩატარებული ანალიზი აჩვენებს, რომ ყველაზე იაფად შესაძენი დღესაც შიგაწვის ძრავიანი, ანუ ბენზინზე მომუშავე ავტომობილებია. მათ შემდეგ მოდის ჰიბრიდები, ხოლო ყველაზე ძვირი საწყის ეტაპზე, როგორც წესი, ელექტრომობილებია. თუმცა სურათი იცვლება მაშინ, როცა მანქანის ფლობის მთელ პერიოდს ვითვალისწინებთ.
საწვავისა და ენერგიის ხარჯში ელექტრომობილებს აშკარა უპირატესობა აქვთ. აშშ-ის ბაზრის მონაცემებით, დაახლოებით 17 700 კილომეტრის გავლა ელექტრომობილით საშუალოდ 600 დოლარი ჯდება, მაშინ როცა ბენზინის ავტომობილის შემთხვევაში იგივე მანძილი 1 300-დან 1 500 დოლარამდე შეიძლება დაჯდეს. ჰიბრიდები ამ მხრივ შუალედურ პოზიციას იკავებენ — ისინი ბენზინის მანქანებზე ეკონომიურია, თუმცა ელექტრომობილებთან შედარებით ხარჯიანი.
ელექტრომობილების კიდევ ერთი უპირატესობა ტექნიკურ მომსახურებას უკავშირდება. მათ ნაკლები მოძრავი ნაწილი აქვთ, ზეთის შეცვლა არ სჭირდებათ და მექანიკური ცვეთაც შედარებით დაბალია. თუმცა მათი სუსტი მხარე გადაყიდვის ფასია: სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიების, ახალი მოდელების და ბაზრის ცვლილებების გამო EV-ები ზოგჯერ უფრო სწრაფად კარგავენ ღირებულებას, ვიდრე ტრადიციული ავტომობილები.
საბოლოო ჯამში, გრძელვადიან პერიოდში ელექტრომობილი ყველაზე იაფი არჩევანი გამოდის. ანალიზის მიხედვით, 15 წლის განმავლობაში ელექტრომობილის ფლობის ჯამური ხარჯი დაახლოებით 58 500 დოლარს აღწევს, ხოლო ბენზინის ძრავიანი ავტომობილის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 72 000 დოლარამდე ადის. ანუ, მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილი შეძენისას უფრო ძვირია, წლების განმავლობაში დაბალი ენერგო და სერვისის ხარჯი მის სასარგებლოდ მუშაობს.