დაუსრულებელი რეკლამა საჭირო ინფორმაციის ნაცვლად: „გუგლი“, რომელიც ოდესღაც ინტერნეტის კარიბჭე იყო, როგორც ჩანს, სულ უფრო უარესი ხდება - ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს ზოგიერთი მომხმარებელი. მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს, რომ „გუგლის“ საძიებო სისტემა ისეთი კარგი აღარ არის, როგორიც ადრე იყო?

„ადრე ყველაფერი სხვაგვარად იყო“, - სულ უფრო ხშირად ამბობენ სოციალური ქსელების მომხმარებლები „გუგლის“ შესახებ. მისი საძიებო სისტემა, რომელიც ოდესღაც ინტერნეტის კარიბჭეს წარმოადგენდა, როგორც ჩანს, ყოველი განახლების შემდეგ უფრო უარესდება. ძიების პროცესში სულ უფრო მეტი რეკლამა ჩნდება, ძიების შედეგები სიმართლეს აღარ შეესაბამება და ნაკლები შანსია, იპოვოთ ის, რასაც ეძებთ.

„გუგლ სერჩი“ დღეს საკმაოდ სახელგატეხილია. ძიებისას ის ისეთ ხარისხიან შედეგებს ვეღარ გვაწვდის, როგორსაც ათი წლის წინ“, - ასეთი განცდა აქვს „ბავარიის რადიოს“ (BR24) მსმენელ „AndiSeidl“-ს. მას „ბავარიის რადიოს“ სხვა მომხმარებლებიც ეთანხმებიან.

მკვლევარებმა ძიების ხარისხის გაუარესების მტკიცებულება აღმოაჩინეს

როგორც ჩანს, მომხმარებლის პრეტენზიები სიმართლესთან ახლოს არის და მათი განცხადებები მხოლოდ სუბიექტური ნოსტალგიას არ უნდა მივაწეროთ. ყოველ შემთხვევაში, ამას გერმანული კვლევითი ჯგუფის მიერ რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებული კვლევაც ადასტურებს. ძიების შედეგების ხარისხის შესასწავლად, მეცნიერებმა ავტომატიზირებული პროცესი გამოიყენეს. სხვა საკითხებთან ერთად, მათ ტექსტის ხარისხი, საიტის სტრუქტურა და გამოყენებული ლექსიკის სირთულე გააანალიზეს.

კვლევის შედეგი დაახლოებით 7,400 საძიებო მოთხოვნაზე მიღებულ პასუხებს ეყრდნობა: საძიებო სისტემის პირველ გვერდზე არსებული ბმულებიდან მიღებული პასუხების დიდი ნაწილის ( 40-დან 66 პროცენტამდე) შინაარსი დაბალი ხარისხისაა, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემია შესაძენი პროდუქტის სეგმენტში. ამ სეგმენტში ძიების პასუხებში დომინირებს მოკლე, ზედაპირული ტექსტები, რომელთა ერთადერთი მიზანია, დაარწმუნოს მომხმარებელი, რომ შესყიდვა პარტნიორული ბმულების გამოყენებით განახორციელოს. არადა, ხელოვნური ინტელექტის მიერ ტექსტის გენერაციის (ChatGPT ან Claude) ფართო გამოყენების წყალობით, დღეს ასეთი კონტენტის შექმნა რეკორდული რაოდენობით და პრაქტიკულად ხარჯების გარეშე არის შესაძლებელი.

კომერციული გადაწყვეტილებები, მომხმარებლის ინტერესების დაცვის ნაცვლად

ჟურნალისტი ედვარდ ციტრონი ნეგატიური ტენდენციის მიზეზს „გუგლის“ ფუნდამენტურ რეორიენტაციაში ხედავს. ის ეყრდნობა შიდა მიმოწერას, რომლებიც „გუგლის“ წინააღმდეგ წარმოებული ანტიმონოპოლიური პროცესის მეშვეობით გასაჯაროვდა. ამ მიმოწერიდან ირკვევა, უკვე 2019 წელს კომპანიამ საბოლოოდ გადაწყვიტა, ძიების შედეგების ხარისხის გაუმჯობესების ნაცვლად, უპირატესობა რაოდენობრივი ზრდისთვის მიენიჭებინა და გააუქმა ტექნიკური ფილტრები, რომლებსაც სპამი და დაბალი ხარისხის კონტენტი უნდა დაებლოკათ.

ციტრონის აზრით, „გუგლმა“ ჩათვალა, რომ მაღალი საძიებო ხარისხის უზრუნველყოფის ზომები სარეკლამო შემოსავლების შემცირებას გამოიწვევდა. ამჟამად არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ კომპანია ამ გზას დღემდე აგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ საძიებო სისტემა კომპანიისთვის სულ უფრო მომგებიანი ხდება, ის მომხმარებლებისთვის შესამჩნევად უარესდება. თუმცა, „გუგლი“ციტრონის აზრს უარყოფს.

შანსი ხელოვნური ინტელექტის ახალი საძიებო სისტემებისთვის?

მოვლენების ასეთმა განვითარებამ შეიძლება კარგი შანსი მისცეს სერვისების ახალ მიმწოდებლებს. ზოგიერთი სტარტაპი, როგორიცაა, მაგალითად, Perplexity, ინტერნეტ ძიებისთვის ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. ბმულების სიის ნაცვლად, ის მომხმარებლებს სხვადასხვა წყაროდან შეგროვებულ პირდაპირ პასუხებს აწვდის.

ეს ტექნოლოგია იმედისმომცემია, მაგრამ ჯერ კიდევ გააჩნია ხარვეზები. ხელოვნური ინტელექტის საძიებო სისტემები ზოგჯერ შეცდომებს უშვებენ და ჯერ ვერ აღემატებიან „გუგლს“, მაგალითად, ლოკალურ საძიებო მოთხოვნებში. თუმცა, „გუგლის“ მიმართ მზარდმა უკმაყოფილებამ, შესაძლოა, ახალბედების წისქვილზე დაასხას წყალი.

წყარო: 1 არხი