საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებში სახელმწიფოს მონაწილეობა აუცილებელია - ამის შესახებ ლევან ვეფხვაძემ ენერგეტიკის დარგში აღმშენებლობის პერიოდის დაწყების შესახებ BMG-სთან საუბრისას განაცხადა.

“ენერგეტიკის სფეროში შემდეგი წლები იქნება აღმშენებლობის პერიოდი” - ეს იყო პრემიერის მთავარი გზავნილი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრიდან. ირაკლი კობახიძე უახლოეს რამდენიმე წელიწადში ქვეყნის ენერგოსიმძლავრეების გაორმაგებას აანონსებს, მათ შორის მსხვილი ჰიდროპროექტების განხორციელების ხარჯზე, თუმცა რა ფორმით გადავა აღნიშნული პროექტები სამშენებლო სტადიაში, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. პრემიერმა გვითხრა, რომ რამდენიმე მოდელი განიხილება, მათ შორის სახელმწიფო, როგორც თანადამფინანსებელი.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ წინა პროექტების გამოცდილებამ (პროექტის გაჩერება, წაგებული სასამართლო) აჩვენა, რომ მხოლოდ კომერციული რისკების დაზღვევა საკმარისი არ არის. მსხვილ ინვესტორებს სჭირდებათ პოლიტიკური და ადგილობრივ მოსახლეობასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევა, ასევე მკაფიო სიგნალი, რომ სახელმწიფო ქმედითად უჭერს მხარს პროექტის განხორციელებას.

“ვფიქრობ, რომ ეკონომიკის განვითარების კორპორაციის შექმნა უაღრესად მნიშვნელოვანია სწორედაც, რომ შემოვიყვანოთ ძალიან მსხვილი მოთამაშეები, რადგან მსხვილ მოთამაშეს სჭირდება უფრო მეტი დაზღვევა და ეს არ არის მხოლოდ კომერციული რისკების დაზღვევა.

ჩვენ ვნახეთ, რომ კომერციული რისკები ელექტროენერგიასთან დაკავშირებით იყო კონკრეტულ პროექტზე, მსხვილ პროექტზე დაზღვეული, მაგრამ იყო სხვა ტიპის რისკები, მათ შორის, პოლიტიკური რისკებიც, მათ შორის, ადგილობრივ მოსახლეობასთან დაკავშირებული პრობლემები და ა.შ. ჩვენ საბოლოო ჯამში, ვნახეთ პროექტის გაჩერებაც, საბოლოო ჯამში წავაგეთ სასამართლოც და იქით გვაქვს კიდევ გადასახდელი. ამიტომ, აქ სახელმწიფოს მონაწილეობა, ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია: პირველი იმისთვის, რომ მსხვილმა მოთამაშემ [დააზღვიოს] არამხოლოდ კომერციული რისკები, არამედ იმისთვის, რომ მკაფიოდ დაინახოს სახელმწიფოს სურვილი, რომ ეს პროექტი უნდა განხორციელდეს. იმიტომ, რომ თუ შეიქმნება პრობლემები და სახელმწიფო ვერ იქნება ისეთივე ქმედითი, როგორც ეს ჩვენ ვნახეთ წინა პროექტებში, კერძო ინვესტორები ჩათვლიან, რომ მათ ამ ახალ პროექტებში არ ესაქმებათ არაფერი.

მე კარგად ვხედავ კორპორაციის ადგილს სწორედ ამ ტიპის პროექტებში შესვლაში. მერე თუნდაც გამოვიდეს პროექტიდან, მაგრამ მშენებლობის ეტაპზე პროექტში აუცილებლად უნდა იყოს სახელმწიფოს მონაწილეობა. ეს არის მსხვილი ინვესტორების ხედვაც და სურვილიც, დარწმუნებული ვარ”,-აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

წყარო: bm.ge