რამდენიმე დღის წინ, მაღალი მოდის გლობალურ ბაზარზე საინტერესო შემთხვევა მოხდა: ბირკინის და კელის ლიმიტირებული ძვირად ღირებული ჩანთებით სახელგანთქმულმა ფრანგულმა Hermes-მა საბაზრო კაპიტალიზაციით მის პირდაპირ კონკურენტს, მაღალი მოდის კონგლომერატ LVMH-ს აჯობა.

დონალდ ტრამპის პერსონით და მის მიერ მსოფლიოს წინააღმდეგ გამოცხადებული სატარიფო ომით განპირობებულ რყევებს თუ არ ჩავთვლით, Hermes-ის აქციის ფასი ბოლო წლებში მდგრადად იზრდებოდა, ხოლო ხუთწლიან პერიოდში კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 315%-ით გაიზარდა, ანუ გაოთხმაგდა.

პარალელურად ამისა, თუ ბოლო დროინდელ მნიშვნელოვან კლებას არ ჩავთვლით, LVMH-ის აქციების ფასიც იზრდებოდა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ, ბერნარ არნოს კომპანიამ პროგნიზირებულზე ცუდი ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, რამაც ინვესტორები გაანაწყენა. LVMH-ის აქციები ერთ დღეში დაახლოებით 8%-ით გაუფასურდა, რითაც Hermes-მა იხეირა და მაღალი მოდის იმპერატორის წოდება მოიპოვა, ოღონდ მცირე ხნით. უახლესი მონაცემებით, ფუფუნების საგნების ბაზარზე ლიდერად ჯერაც LVMH რჩება, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $297 მილიარდია, როცა Hermes-ის შეფასება $280 მილიარდია.

ისე კი, ბოლო თვეებში და კვარტალებში, მაღალი მოდის სექტორში საინტერესო ტენდენციას ვხვდებით, რომელიც, უმეტეწილად, ნეგატიურია. მიმდინარე წლის თებერვალში დაფიქსირებული ლოკალური პიკის შემდეგ, საფონდო ბირჟაზე დალისტული დიდი ოთხეულის, მათ შორის Burberry-ის, LVMH-ის, Christian Dior-ის, და Kering-ის აქციების ფასები საკმაოდ მკვეთრად არის შემცირებული.

ყველაზე მეტად, კერძოდ 47%-ითაა შემცირებული ბრიტანული Burberry-ის შეფასება, როცა ფრანგული Kering-ის აქციის ფასმა 36%-ით ილო. შედარებით მცირე, კერძოდ 36%-იანი კლება შეინიშნება Dior-ში, როცა ბერნარ არნოს LVMH-მა ამ პერიოდში საბაზო კაპიტალიზაციის 35%-ზე მეტი დაკარგა. გაცილებით მკვეთრია ის კლება, რომელიც კომპანიებმა გლობალურ საფონდო ბირჟებზე დაფიქსირებული პიკური 2021 წლის შემდეგ განიცადეს.

საინტერესოა, რომ ორივე ამ პერიოდში ფრანგულმა Hermes-მა განსხვავებული შედეგი დააფიქსირა. 2025 წლის თებერვლის შემდეგ, მართალია, კომპანიის შეფასება 20%-ითაა შემცირებული, მაგრამ 2021 წლის პიკის შემდეგ, ფრანგულმა ბრენდმა მაინც 36%-იანი ზრდა დადო, რაც მაღალი მოდის ინდუსტრიაში არნახული შედეგია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება Hermes-ის გარშემო ბოლო დროს აგორებულ მოთხოვნას და თავად კომპანიის ბიზნესმოდელს, რომელიც წარმოუდგენელ ექსკლუზიურობას ეფუძნება. ამ ფაქტორების გამო, Hermes-ის ჩანთები და სხვა პროდუქტები ფასს მეორად ბაზარზეც ინარჩუნებენ.

მაშ, რა ხდება მოდის სექტორში, ანუ რატომ იზრდება Hermes-ის შეფასება მაშინ, როცა სხვა კომპანიები ფულს კარგავენ? მაღალი მოდის ტრადიციული ბრენდების დაღმასვლა გლობალურად არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირდება. ბოლო წლებში, კაპიტალი ისტორიულად გაძვირდა. იმ დროს, როცა მონატარული პოლიტიკა მკაცრდება, სესხი ძვირდება და ეკონომიკაში ნაკლები თავისუფალი კაპიტალი რჩება, ანუ ადამიანები ნაკლებს ხარჯავენ, მით უმეტეს ძვირად ღირებულ ნივთებზე.

ზოგადი ეკონომიკური ფონის გარდა, ძვირად ღირებული ბრენდების საქმიანობაზე გავლენას ის ფაქტორებიც ახდენს, რომლებიც უშუალოდ ამ ინდუსტრიისთვის არის დამახასიათებელი. ეს სფერო ძალიან კონკურენტულია, რაც კომპანიების მხრიდან დიდ მარკეტინგულ დანახარჯებს მოითხოვს. ამ ხარჯებს, მართალია, შედარებით იაფი მუშახელი და წარმოების ხარჯების ოპტიმიზაცია ფარავს, მაგრამ მაშინ, როცა გლობალური მიწოდების ჯაჭვში პრობლემები ჩნდება, კომპანიების ხარჯები გარდაუვალად იზრდება. ბოლო პერიოდში, სწორედ ამ დინამიკას ვხვდებით, რომელსაც უკეთ ის კომპანიები შეხვდნენ, რომელთა პორტფელში ერთბაშად რამდენიმე ბრენდს აერთიანებენ.

მაღალი მოდის ბრენდების დაღმასვლას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები - ჩინეთს უკავშირდება. ჩინეთი სიდიდით მსოფლიოს მეორე ეკონომიკაა, ანუ თავად სახელმწიფო მდიდარია, მაგრამ შეძლებული სახელმწიფო არ ნიშნავს, რომ მოქალაქე, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, ასევე შეუძლებელია. ჩინეთის შემთხვევაში, ბოლო დეკადების განმავლობაში სწორედ ასე იყო, მაგრამ შემდეგ, ჩინეთის საშუალო ფენა იმდენად გამდიდრდა, რომ გარკვეული ინდუსტრიები ჩამოიკიდა და ფუფუნების საგნების სექტორი, ერთ-ერთი მათგანია.

მაღალი მოდის ბრენდები ჩინეთში განსაკუთრებულად უყვართ და მათ საყიდლად ფული არ ენანებათ, მაგრამ ეს სიყვარულს მანამ ვხვდებით, სანამ ჩინელებს ბირკინის ჩანთების საყიდლად საკმარისი ფული აქვთ. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში ფული ისედაც ძვირდება, რასაც თან ქვეყანაში გაღვივებული უძრავი ქონების კრიზისი ემატება. საბოლოო ჯამში, მდიდარი ჩინელების ფულის დიდი ნაწილი სხვა მიმართულებით იხარჯება, რაც მაღალი მოდის ბრენდების შემოსავალზე და შესაბამისად, აქციების ფასებზე, უარყოფითად აისახება. ბრენდების სამომავლო პროგნოზებს თუ დავუჯერებთ, ამ ტენდენციის შემოტრიალება, ჯერჯერობით, არ არის ნავარაუდევი.

წყარო: bm.ge