კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, გოგა გულორდავა, ბათუმში გამართულ მომხმარებლის დაცვის რიგით მეოთხე საერთაშორისო კვირეულზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა და მომხმარებლის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული გამოწვევები, ასევე ComCom-ის მიღწევები და პროექტები მიმოიხილა.
„მოგეხსენებათ, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის მთავარი პრიორიტეტი და ამოსავალი მომხმარებლები — ჩვენი საზოგადოებაა. ამიტომ კომისიის ყველა პროექტი და გადაწყვეტილება მომხმარებლების ინტერესებზეა ორიენტირებული. როგორც სატელეკომუნიკაციო სფეროს მარეგულირებელი სახელმწიფო უწყებისთვის, ჩვენი მთავარი ამოცანაა, აბონენტებს ჰქონდეთ ხელსაყრელი პირობები როგორც სატელეკომუნიკაციო სერვისების განვითარების, ისე მათი ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. მედიის მიმართულებით კი ჩვენი მიზანია, საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ფაქტებზე და ჟურნალისტურ სტანდარტებზე დაფუძნებული ინფორმაცია“, — განაცხადა გოგა გულორდავამ.
თავის სიტყვაში კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ სატელეკომუნიკაციო ბაზრის ტენდენციების მნიშვნელოვანი ასპექტები შეაჯამა. კერძოდ, მისი თქმით, მობილური მომსახურებების აბონენტების რაოდენობა 2025 წლის ბოლო მონაცემებით 6.4 მილიონი იყო, საიდანაც „მაგთიკომს“ — 2.6, „სილქნეტს“ — 2.3, „სელფი მობაილს“ — 1.5 მილიონი აბონენტი ჰყავდათ. გოგა გულორდავამ აღნიშნა ისიც, რომ მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობამ 5.1 მილიონი შეადგინა, საიდანაც „მაგთიკომს“ — 1.95, „სილქნეტს“ — 1.80, ხოლო „სელფი მობაილს“ — 1.37 მილიონი აბონენტი ჰყავდათ. რაც შეეხება მობილური ინტერნეტის მოხმარებას საშუალოდ ერთ ადამიანზე თვეში, ComCom-ის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამ მაჩვენებელმა თითქმის 16 GB შეადგინა და ყოველწლიურად მზარდია. ტენდენციების მიმოხილვისას, გოგა გულორდავამ ფიქსირებულ ინტერნეტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო მონაცემებით მას 1 208 000 აბონენტი ჰყავდა, ხოლო ჯამში ოჯახების 97% იყენებდა.
ღონისების ფარგლებში, ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა გვანცა ჩხეიძემ მოდერაცია გაუწია პანელს, რომლის ფარგლებშიც, მომხმარებლების ინტერესებისა და უფლებების დაცვის აღსრულების მექანიზმებისა და დანერგილი სტანდარტების შესახებ დეტალურად ისაუბრეს.
მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეული კომუნიკაციების კომისიის, კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, სემეკისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, თბილისსა და რეგიონებში იმართება